„თბილისობასთან“ დაკავშირებით დედაქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე უბანში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციის მიერ გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა 14 ოქტომბრის 21:00 საათიდან შეიზღუდა.

ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალა ვარდების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე. ღვინის აღმართზე და მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვარდების მოედნამდე.

შსს-ს ცნობით, მოძრაობა სრულად დაიკეტება მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. ავტომანქანები, ასევე, ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ავლაბრის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე”, - აცხადებენ შსს-ში.