მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობა სავარაუდოდ ნოემბრიდან დაიწყება

27 წლიანი პაუზის შემდეგ მთაწმინდის საბაგირო კვლავ ამოქმედდება. საუბარია, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში უთხრეს, ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, უშუალოდ საბაგიროს სამუშაოები კი სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლოს დაიწყება.

„ორი სადგური მოეწყობა - ერთი რუსთაველზე, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში, მეორე კი მთაწმინდის პარკში. იმედი გვაქვს, რომ სამუშაოები, რომელიც 7-8 თვეს გაგრძელდება, ნოემბრის ბოლოდან დაიწყება. ეს იქნება წრიული საბაგირო, დაახლოებით ისეთივე ტიპის, როგორიც რიყეზეა,“- გვითხრეს მერიაში.

საბაგირო ხაზის სიგრძე 980 მეტრია, რომლის დაფარვასაც დაახლოებით, 5 წუთი დასჭირდება.

ჯამში, საბაგიროზე 20 გონდოლა იმოძრავებს და თითოეული მათგანი 6 ადამიანზე იქნება გათვლილი.

საბაგირო გზის, გონდოლების მოწყობასა და მსგავს სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერი“, უშუალოდ შენობა-ნაგებობების მშენებლობას კი ქართული კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" განახორციელებს.

ამ პროექტის განხორციელება დედაქალაქის ბიუჯეტს დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდება.

ცნობისთვის, მთაწმინდის ამ მარშრუტის საბაგირო 1990 წლიდან აღარ ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც 1 ივნისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 20 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. იმ დღეს მგზავრების ნაწილი ახალციხიდან ფუნიკულიორის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვები, ნაწილი კი ჯარისკაცები იყვნენ. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, სტანდარტული საბჭოთა ოვალური გონდოლები, ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების გარეშე, უფრო დიდი ფინური გონდოლებით შეცვალეს, რომლებიც საბაგიროზე არსებულ საავარიო სამუხრუჭე სისტემას არ შეესაბამებოდა, ასევე ვაგონების ზომა და ტევადობა მათ წინამორბედებს აღემატებოდა.

თაია არდოტელი