საწვავი 4-6 თეთრით გაძვირდა

საქართველოში დღეიდან საწვავი გაძვირდა. ბენზინისა და დიზელის ფასმა თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე, დაახლოებით 4-6 თეთრით მოიმატა.

საწვავის გაძვირებას „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ორი ძირითადი ფაქტორით ხსნის. ესენია -ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მატება და ლარის გაუფასურება.

„ოპეკ-ის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, ამ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ნავთობის ფასის ზრდა იყო, ოპეკ-ის არაწევრი მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიც, მაგალითად რუსეთიც შეურთდა. შედეგად მნიშვნელოვნად მოიმატა ნავთობპროდუქტების ფასმა საერთაშორისო ბაზარზე. ამას დაემატა, რომ ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და რადგან დღეს, ორივე ეს ფაქტორი ნეიტრალურ დიაპაზონშია, საწვავის ფასის მატება გარდაუვალი იყო,“- აღნიშნა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა საწვავი ცოტა გვიან გააძვირა, რადგან გარკვეული მარაგი ჰქონდათ. რაც შეეხება არაბრენდირებულ სადგურებს, იქ უკვე დაახლოებით 10 დღეა, რაც ფასებმა იმატა. ცვლილება ამ სადგურებზეც ძირითადად 3-დან 6 თეთრამდეა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორ შეიცვალა ფასები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე. აღსანიშნავია, რომ „სოკარისა“ და „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი არ შეცვლილა. ხოლო „ვისოლის“, „რომპეტროლისა“ და „გალფის“ სადგურებზე საწვავის ფასმა დაახლოებით, 5-6 თეთრით მოიმატა.

„ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე ეკო სუპერი – 1.95 ლარიდან 2 ლარამდე გაძვირდა; ეკოპრემიუმის ფასი 1.79-დან - 1.84-მდე ; ევრო რეგულარის ფასი – 1.59-დან - 1.64-მდე გაიზარდა; უცვლელი დარჩა ეკო ევრო რეგულარის ფასი და კვლავ 1.75 ღირს; რაც შეეხება დიზელს, ეკო დიზელის ფასი უცვლელია და ისევ 1.75 ლარი ღირს; დიზელ ენერჯის ფასმა კი 1.55-დან 1.60 ლარამდე მოიმატა.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებს, ევრო პრემიუმი – 1.77 ლარი ღირდა და 1.83 გახდა; ევრო რეგულარის ფასი – 1.55-დან 1.61 ლარამდე გაიზარდა; უცვლელი დარჩა სუპერის ღირებულება და დღესაც 1.99 ღირს; efix ევრო დიზელის საფასური – 1.76-დან 1.80-მდე გაძვირდა; ხოლო ევრო დიზელი 1.57 ღირდა და 1.61 ლარი გახდა.

„გალფის“ სადგურებში G-Force პრემიუმი – 1.77 ღირდა და დღეიდან 1.82 გახდა; G-Force ევრო რეგულარის ფასი 1.67-დან - 1.72-მდე გაიზარდა; რეგულარის ფასმა 1.58 ლარიდან 1.64-მდე მოიმატა; უცვლელი დარჩა დიზელის ფასი. კერძოდ, ევრო დიზელი კვლავ 1.75, დიზელი კი 1.59 ლარი ღირს.