ბაზარზე ახალი მინერალური წყალი „ძუღური“ გამოჩნდა

წყლის ბაზარზე ახალი მინერალური წყალი „ძუღური“ გამოჩნდა.

როგორც მწარმოებელმა ჯემალ ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, ამ ეტაპზე 12 ათასი ბოთლია ჩამოსხმული და აქედან 1 500-მდე უკვე გაყიდვაშია.

„ჯერჯერობით, საკუთარი საწარმო არ გვაქვს და სხვის ქარხანაში ვასხამთ წყალს. საკუთარი საწარმოს გაკეთებას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ადგილი, სადაც წყალი მოედინება, ძალიან მიუვალია. წელიწადში 5 თვის განმავლობაში კი იქ მისვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია,“ - აღნიშნა ჩიკვაიძემ.

“ძუღური“ცაგერის რაიონის სოფელ ორბაში მოედინება, რომელიც ზღვის დონიდან 1 430 მეტრზე მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ „ძუღური“ დაბალმინერალიზებულია, ამიტომაც მისი მიღება სხვა მინერალურ წყლებთან შედარებით ჩვეულებრივ სასმელი წყლის მაგივრადაც არის შესაძლებელი.

გარდა ამისა, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა და ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ სამკურნალო წყლის კატეგორიაც მიენიჭა. კერძოდ, წყალი ეფექტურია დიაბეტის, ნევროზის, ჭარბი წონის თუ სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

თაია არდოტელი