2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ეტაპის განხილვას პარლამენტი დღეს დაასრულებს

დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომას გამართავს, რითაც ბიუჯეტის პროექტის კომიტეტებში განხილვის ეტაპი დასრულდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე, ამავე საკითხზე დაგეგმილია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა. ამასთან, პარლამენტში ბიუჯეტის განხილვის განრიგის გათვალისწინებით, დღესვე უმცირესობისა და უმრავლესობის სხდომები უნდა გამართულიყო, თუმცა ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, საფინანსო დოკუმენტის განხილვა არც უმცირესობის და არც უმრავლესობის ფორმატში არ იგეგმება.

საბიუჯეტო პროექტის განხილვის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში გაიმართება. საბოლოოდ მას მომავალი პარლამენტი დაამტკიცებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არა უგვიანეს 22 ოქტომბრისა მთავრობას უკან უნდა დაუბრუნდეს, კომიტეტებსა და უმრავლესობა/უმცირესობის სხდომებზე გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით.

თავის მხრივ, მთავრობამ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ ბიუჯეტის განხილვის პროცესი პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში გაგრძელდება, სადაც პროექტს პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე წევრი წარადგენს. ასეთ დროს, საბიუჯეტო პროექტის წარმდგენი ძირითადად ფინანსთა მინისტრია.

პლენარული სხდომის ფორმატში გამოთქმული შენიშვნებითა და წინადადებებით პროექტი მთავრობას კიდევ ერთხელ - არა უგვიანეს 15 ნოემბრისა უკან დაუბრუნდება, ხოლო მთავრობა ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრისა შეიტანს.

პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არა უგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევს ამტკიცებს.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 10 555.0 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: - საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 9 520.0 მლნ ლარს, გრანტები - 135.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 900.0 მლნ ლარს.

მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2017 წლისათვის მშპ-ს რეალური ზრდის და მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს.

არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2017 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი 8 850.0 მლნ ლარს შეადგენს.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 715.0 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 8 170.0 მლნ ლარს შეადგენს.

2017 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 265.0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები - 130.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 135.0 მლნ ლარი.

2017 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 280.0 მლნ ლარის ოდენობით; ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია 1 660.0 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის: - საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები - 900.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საბიუჯეტო კრედიტები - 460.0 მლნ ლარი; სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა - 300,0 მლნ ლარი.

კანონპროექტის მიხედვით, 2017 წელს მისაღები შემოსულობების, ისევე, როგორც გადასახდელების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 10 555.0 მლნ ლარის ოდენობით.