დაცვის მხარე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს.

დაცვის მხარე დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობას დააყენებს და საკუთარ მტკიცებულებებს წარადგენს.

როგორც "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, დაცვის მხარე დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარადგენს, რომლითაც ბრალდებულების უდანაშაულობა მტკიცდება.

მარინა ცუცქირიძის ინფორმაციით, ახალი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა, რომლითაც დაცვის მხარე იმ რევიზიის აქტის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას მოითხოვს, რომელსაც, როგორც ადვოკატი აცხადებს, სახელმწიფო ბრალდება ბრალის წაყენებისას დაეყრდნო.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ რევიზიის აქტი სრულყოფილი არაა და მის საფუძველზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება შეუძლებელი იყო. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე მათ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და რევიზიის აქტს მტკიცებულებად არ სცნობს.

თავის მხრივ, როგორც პროკურორმა დავით გუმბერიძემ აღნიშნა, რევიზიის აქტი ერთადერთი და მთავარი მტკიცებულება არაა, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება დაეყრდნო და "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს, "ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილს და "ცენტრ პოინტ აჭარას" ყოფილ დირექტორს ირაკლი მინდელს ბრალი წაუყენა.