ბრიტანულმა წამყვანმა კომპანიამ - Holland & Barrett საქართველოში ოპერირება დაიწყო

ბრიტანულმა წამყვანმა საცალო ვაჭრობის კომპანიამ - Holland & Barrett საქართველოში ოპერირება დაიწყო.

კომპანია თავის მომხმარებელს ვიტამინების, მინერალებისა და მცენარეული დანამატების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

თბილისში სექტემბრიდან უკვე შესაძლებელია ნომერ პირველი მსოფლიო დონის ბრენდის პროდუქციის შეძენა.

თბილისში კომპანიის უკვე ორი მაღაზია გაიხსნა. სავაჭრო ქსელი საქართველოში სექტემბრიდან შემოვიდა. პირველი მაღაზია ”სითი მოლ საბურთალოში” მეორე სართულზე განთავსდა, ხოლო მეორე მაღაზია - ”გლდანი მოლში”.

”ეს არის მსოფლიოში ნომერ პირველი ბრიტანული სავაჭრო ქსელი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებს ყველა საჭირო პროდუქციას სთავაზობს”, - აცხადებენ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები.

ჯანსაღი საკვები, ვიტამინები, მინერალები, მცენარეული დანამატები, ნატურალური პარფიუმერია, ბავშვის ვიტამინები და მოვლის საშუალებები, გახდომის საშუალებები, სპორტსმენებისთვის საკვები დანამატები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია თავის მომხმარებელებს სთავაზობს.

ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიას 145-წლიანი გამოცდილება აქვს.

”ბრიტანეთში თუ ვინმეა ნამყოფი, ყველასთვის ნაცნობია ეს კომპანია. დიასახლისებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. იქ ყოველ კუთხეშია მათი მაღაზია. თითოეული პროდუქტი 15, 30- წლიან გამოცდას გადის. ნებისმიერ პროდუქციას უვნებლობის 100% - იანი გარანტია აქვს. არ საჭირეობს ექიმის რეცეპტს, რადგან მთლიანად ნატურალური ინგრედიენტებით მზადდება. ეს არ არის აფთიაქი. ეს არის ჯანსაღი საკვები დანამატების, ნატურალური კოსმეტიკის და ნატურალური პროდუქტების მაღაზია”, - აცხადებენ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში.

მათივე ინფორმაციით, Holland & Barrett თავის თანამშრომლებს ტრენინგებს სთავაზობს, რათა მათ შესაბამისი განათლება მისცეს.

”კომპანიას აქვს თავისი ტრენინგ ცენტრი. კონსულტანტები დიდ მომზადებას გადიან, რათა მომხმარებელს მაქსიმალურად დაეხმარონ სწორი არჩევანის გაკეთებაში”, - აღნიშნავენ Holland & Barrett - ის ქართულ წარმომადგენლობაში.

”იმ შემთხვევაში, თუ Holland & Barrett - ის პროდუქციაზე საქართველოში მოთხოვნა გაიზრდება, ქართული ქსელი გაფართოვდება. შემდეგი მაღაზიები ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიხსნება”, - აღნიშნავენ Holland & Barrett -ის წარმომადგენლები.

Holland & Barrett სამომავლოდ გეგმავს პროექტს, რომელშიც ჩართულები იქნებიან კომპანიის მომხმარებლები, ხოლო გამარჯვებული კი ლონდონში გაემგზავრება.