BTUKids - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საკვირაო სკოლაში პირველი ლექცია ჩატარდა

BTUKids - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საკვირაო სკოლაში პირველი ლექცია ჩატარდა. საკვირაო სკოლის მოსწავლეები უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნენ - ,,სილიკონ ველი თბილისის'' ტერიტორიაზე მათ ელექტრომობილები დახვდათ, ელექტრომობილების მუშაობის ტექნოლოგიური პრინციპების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარდათ და მანქანებით გაისეირნეს. ლექციაზე საკვირაო სკოლის მსმენელებს იმ ბავშვების შესახებ ესაუბრნენ, რომლებმაც იდეა ბიზნესად აქციეს და მსოფლიოში ყველაზე მცირეწლოვანი ბიზნესმენები გახდნენ. მომავალი ლექციისთვის ბავშვები საკუთარი ბიზნესიდეით მივლენ და სხვადასხვა ქეისებზე ჯგუფურად იმუშავებენ.

საკვირაო სკოლაში სწავლების დროს გამოყენებული იქნება NASA-ს საგანმანათლებლო თამაშები, Microsoft -ის საყმაწვილო პროგრამები.

„გვესაუბრნენ ახალგაზრდა გამომგონებლებზე, რომლებსაც თავიანთი ბიზნესი აქვთ და გვაჩვენეს, რომ ჩვენც შეგვიძლია გავაკეთოთ, ნებისმიერ ახალგაზრდას იგივენაირი ბიზნესი“, - განაცხადა მოსწავლემ ლუკა დარსალიამ.

ერთ-ერთი მენტორის, თამთა გველესიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ მიმართულებით, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან ისწავლიან როგორ შეუძლიათ თავიანთი იდეებით შეცვალონ მსოფლიო.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა ნინო ენუქიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საკვირაო სკოლაში ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა მენეჯერულ-თეორიულ ნაწილს, რომელიც არის საბაზო ცოდნის შემძენი ამ ასაკის ბავშვებისთვის. მისივე თქმით, ამ თეორიული ნაწილის ინტეგრირება ხდება თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან, როგორიც არის დროის მენეჯმენტი, ღონისძიებათა მენეჯმენტი, ფინანსური რესურსების გადანაწილება და ა.შ.

„დღეს დავიწყეთ შაბათ-კვირის სკოლის პირველი გაკვეთილები. ეს არის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში. ვაერთიანებთ 10-დან 15 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც ვასწავლით სხვადასხვა გამავითარებელი პროგრამებითა და თამაშებით. გვყავს ორი ჯგუფი, რომლებიც 2-2 საათის განმავლობაში შაბათ-კვირის პერიოდში იქნებიან ჩვენთან. სკოლა გაგრძელდება 30 კვირის განმავლობაში, რომლის შემდეგაც სერტიფიცირებული მოზარდები წარმოადგენენ პროექტს, რომელსაც ამ სკოლის ფარგლებში გააკეთებენ“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

პროგრამის მიზანია მოახდინოს მსმენელის მიერ შეძენილი ცოდნის ინტეგრირება ციფრულ ტექნოლოგიებთან. მოდულები მოიცავს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს. რომლის თანახმად, მასწავლებელი არის მენტორი - ის წარუდგენს ჯგუფს პრობლემას ანალიზისათვის, ჯგუფი კი იწყებს იმ ახალი ცოდნის მოძიებას, რომელიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრისათვის ესაჭიროება. მეთოდი განსხვავებულია ტრადიციული გაკვეთილისა და ლექციისაგან და შესაძლებლობას აძლევს მსმენელს მოახდინოს არსებული ცოდნის გააზრება, ახალი ცოდნის მოძიება, გუნდური და ინდივიდუალური მუშაობა, საკომუნიკაციო უნარების განვითარება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზების ძიება.

BTU kids - ის საკვირაო სკოლაში მსმენელების მიღება კვლავ გრძელდება.