ფინანსთა სამინისტრომ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის შემცირება მისი თანხმობის გარეშე დაგეგმა, რითაც კანონი ირღვევა

მთავრობა 2017 წლისათვის იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ბიუჯეტის შემცირებას აპირებს, რაც კანონდარღვევით დაიგეგმა.

მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იურიდიული დახმარების სამსახურისთვის გამოყოფილი თანხა 5 მილიონ 800 ათას ლარს შედგენდა, რაც პარლამენტში წარდგენილი მომავალი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 4 მილიონ 900 ათას ლარამდე მცირდება. “იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სამსახურის ბიუჯეტის შემცირება, შესაძლებელია მხოლოდ სამსახურის საბჭოს თანხმობით. როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ითქვა, ასეთი თანხმობა არ არსებობს.

“ამ თემას აქვს ორი მხარე. ერთია წმინდა სამართლებრივი მხარე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსება არ შეიძლება შემცირდეს მისი თანხმობის გარეშე. ასეთი თანხმობა არ არსებობს. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებების გზით ამ სამსახურს ფუნქცია გაეზარდა. შესაბამისად, შემცირებული ბიუჯეტის ფარგლებში, სამსახური გაზრდილი ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელებას ვერ შესძლებს“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა კიკნაველიძემ.

აღნიშნილ საკითხს დღეს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც გამოეხმაურა. მან ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს იურიდიული დახმარების სამსახურიდან მიღებული წერილი გააცნო, სადაც ბესელიას თქმით, დასაბუთებულია მათი თხოვნა დაფინანსების თემაზე.

“იურიდიული დახმარების სამსახურს გაეზარდა არეალი მომსახურების თვალსაზრისით. ის უმნიშვნელოვანესი სამსახურია, განსაკუთრებით უფლებრივი თვალსაზრისით, ჩვენი მოქალაქეების დაცვის კუთხით. წერილში სამსახური კომიტეტს მიმართავს თხოვნით, გვქონდეს რეკომენდაცია, რომ სამსახურს დაფინანსება არ შეუმცირდეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ საკითხი გადაიხედება, იურიდიული დახმარების სამსახურთან გაიმართება შეხვედრები და მათი საჭიროებები გაზიარებული იქნება.

“იურიდიული დახმარების სამსახურს ფუნქციები დაემატა. შესაბამისად, მას დაფინანსებაც გაეზარდა, თუმცა პირველი ცხრა თვის შესრულების ტენდენცია გვაჩვენებს, რომ ამ მოცულობის დაფინანსება აუცილებელი არ არის. გარკვეული ეკონომიები იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გადატანილი იყო ხელფასების მოწესრიგებისათვის და შემდგომი ზრდისთვის. ზოგადად, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით არის მკაცრი პოზიცია, რომ თითქმის არც ერთ უწყებაში არ მოხდება სახელფასო ანაზღაურების ფონდის ზრდა, თუმცა იურიდიული დახმარების სამსახურის ჯამური დაფინანსება იქნება ისეთი, რაც მათი ფუნქციების სრულყოფილად დაფინანსებისთვის არის საჭირო“, - განმარტა კაკაურიძემ.