„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „კოლორპაკმა“ პროდუქციის ასორტიმენტი გაზარდა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთმა საწარმომ შპს „კოლორპაკმა“ შეძლო პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. შპს „კოლორპაკი“ გაფართოებამდე ბეჭდურ მომსახურებას ახორცილებდა, თუმცა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ეტიკეტის, შესაფუთი და სარეკლამო მასალების ბეჭდვა და ტრანსპორტირება შეძლო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი „კოლორპაკში“ სამუშაო პროცესს გაეცნო და სამთავრობო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტექნოლოგია და წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობამ საწარმოს წარმადობა და ასორტიმენტი გაზარდა, ასევე შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 205 საწარმოს მხარდაჭერა მოხდა, შეიქმნა 10,000- ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი და 440 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

”კომპანია „კოლორპაკი“ წარმატებით ახორციელებს როგორც, ღვინის, წყლებისა და წვენების ეტიკეტების, ასევე ქაღალდის შესაფუთი მასალების წარმოებას. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საწარმოში დამატებით 15 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო ჯამურად კომპანიაში 200-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიის სამომავლო გეგმები პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის ზრდას მოიცავს, ამასთანავე შპს „კოლორპაკი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს”-აცხადებენ კომპანიაში.

შპს „კოლორპაკი“ თბილისში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე