ქეთევან ბოჭორიშვილი - „აწარმოე საქართველოში“ პროგრამამ 10 000-ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა შპს „შნოს“ საამქრო დაათვალიერა, სადაც ტრადიციული ხის ნაწარმს და თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე ლითონის ნაკეთობებს ამზადებენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით კომპანიამ „შნო“ არა მხოლოდ გაზარდა ასორტიმენტი, არამედ წარმოებაში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა. კერძოდ, რკინის კარების, შიდა კარის რკინის ჩარჩოების, პროფილების და სხვა ლითონის ნაკეთობის წარმოებას ახდენს. ამასთანავე, შპს „შნო“ გარდა კარების, ასევე ხის და რკინის კომბინირებულ ავეჯსაც აწარმოებს.

მინისტრის მოადგილეს საწარმოში მეგზურობა კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა გივი ნიორაძემ გაუწია. მისი განცხადებით, საწარმოს გაფართოებისას დამატებით 8 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო კომპანიაში ჯამურად 42 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის სამომავლო გეგმებს კი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტზე გატანა წარმოადგენს.

საწარმო ასევე დაათვალიერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმოების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელიამ.

ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობამ საწარმოს წარმადობა და ასორტიმენტი გაზარდა, ასევე შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 205 საწარმოს მხარდაჭერა მოხდა, შეიქმნა 10,000- ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი და 440 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

შპს „შნო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 340 000 ლარს შეადგენს.