ის, რაც ყველა ბიზნესს თანაბრად სჭირდება

სწორად დაგეგმილი მარკეტინგი ნებისმიერი კომპანიის განვითარებისთვის აუცილებელია.

ეს არის მიმართულება, რომელიც მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს, ორგანიზაციას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად სჭირდება. დიდი კომპანიები, როგორც წესი, მარკეტინგული მიმართულებით თავადვე მუშაობენ, გეგმავენ ახალ სტრატეგიებს და აუმჯობესებენ ძველ გამოცდილებებს. შედარებით მცირემასშტაბიანი ორგანიზაციები კი ხშირ შემთხვევაში, მარკეტინგულ კომპანიებს მიმართავენ დახმარებისთვის. ამ კუთხით ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი არჩევანია.

ცოტა ხნის წინ, ბაზარზე კიდევ ერთი მარკეტინგული კომპანია გამოჩნდა. GINGERS- კრეატიული, ახალგაზრდა, მონდომეული და ამბიციური გოგონებისგან შემდგარი გუნდია. მათი სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების შესახებ, „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანიის ხელმძღვანელს თამარ სოლომნიშვილს ესაუბრა.

- როდის დაარსდა კომპანია და რას სთავაზობს იგი მომხმარებლებს?

- GINGERS - მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს სრულ მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს. სტრატეგიის დაგეგმვა, დიზაინის შექმნა, ლოგოს დამზადება, სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობა, რეკლამების განთავსება და სხვა, პარტნიორის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. ჯერ ოთხი თვეა, რაც კომპანია ბაზარზეა წარმოდგენილი.

- რა სეგმენტზე მუშაობთ ძირითადად და ამ ხნის განმავლობაში რამდენი პროექტის განხორციელება შეძელით?

- ამ ოთხი თვის განმავლობაში 17 პროექტი განვახორციელეთ. სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავეთ. მოვემსახურეთ ტურისტულ, სამშენებლო, სამედიცინო სფეროს. ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესზე ვაკეთებთ აქცენტს და რაც კი სჭირდება სააგენტოს მარკეტინგის მიმართულებით, ყველაფერში ვეხმარებით. მსხვილ კომპანიებს მარკეტინგის მიმართულება მეტნაკლებად შიგნით აქვთ დალაგებული, შესაბამისად, ამ სეგმენტზე მუშაობა ჩვენი მიზანი არ არის.

- როგორ უნდა გამოჩნდეს კომპანია ბაზარზე, როგორი ლოგო უნდა ჰქონდეს, რა სარეკლამო მიმართულება უნდა აირჩიოს, ამ ყველაფერზე ჩვენ ვმუშაობთ.

პროცესი რამდენ ხანს გრძელდება?

- ინდივიდუალურია, გააჩნია საჭიროებებს. თუ კომპანია ახალი დაფუძნებულია, სახელის მოფიქრებიდან დაწყებული სრული მარკეტინგული ციკლი დაახლოებით 3 თვე გრძელდება. მოსამზადებელი პერიოდის დასრულების შემდეგ, იგეგმება როგორ და სად უნდა გააგრძელოს ორგანიზაციამ პოზიციონირება.

- თქვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორია მოთხოვნა მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის მიმართ?

- მოთხოვნა ნამდვილად არსებობს და შეიძლება ითქვას, მზარდია. ამასთანავე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ სფეროში, ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია.

- საწყისი ეტაპი, როგორც წესი, განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, როგორ შეძელით კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრება?

- მე და ჩემს გუნდს მარკეტინგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად, ეს გარემოება დაგვეხმარა სწორად შეგვერჩია ნიშა, სადაც ვაპირებდით თავის დამკვიდრებას. ცნობადობის ამაღლებაში ხელი თიბისი ბანკის პროექტმაც შეგვიწყო. ბიზნესდაჯილდოებაში ჩართვამ სტიმული და მოტივაცია გაგვიზარდა. პროექტის ფარგლებში ბევრ საიტერესო იდეას გავეცანით. ეს იყო ჩვენთვის კარგი შანსი გაგვეცნო ბაზარი და მიგვეღო საჭირო გამოცდილება.

- როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

- ვაპირებთ გაფართოებას. უფრო დიდი მოცულობის პროექტების დაგეგმვას, რაც პროდუქტებს დამატებას გულისხმობს.

ქრისტინე გამთენაძე