აუდიტის სამსახური - ხშირად ადგილი აქვს ფაქტობრივად დასაქმებული შტატგარეშეების ოდენობის მნიშვნელოვან ჩამორჩენას

ბიუჯეტის კანონში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია წლის განმავლობაში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი საბიუჯეტო სასხრების მოცულობის იდენტიფიცირება , - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც უწყებამ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოამზადა.

როგორც აუდიტის სახელმწიფო სამსახური განმარტავს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დაწესებული ლიმიტის გადაჭარბება მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ იგი გასული ფისკალური წლის განმავლობაში შეთანხმებული გამონაკლისის რაოდენობას არ აღემატება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბიუჯეტო ორგანიზაციები ყოველ წელს ხელმძღვანელობენ შტატგარეშეთა იმ ოდენობით, რომელიც გამონაკლისის სახით გასული წლების განმავლობაში დაუმტკიცდათ, მიუხედავად იმისა, მიმდინარე წლის განმავლობაში დგას თუ არა უწყების წინაშე ამის საჭიროება.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შედეგად, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს ფაქტობრივად დასაქმებული შტატგარეშე მომუშავეთა ოდენობის მნიშვნელოვან ჩამორჩენას გეგმით დამტკიცებულ მაჩვენებელთან შედარებით.

”შედეგად, გამომდინარე იქედან, რომ მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე გამონაკლისის სახით დაშვებული კანონმდებლობით დაწესებული შტატგარეშე მომუშავეთა ლიმიტების გადაჭარბება ინერციულ ხასიათს ატარებს, რის გამოც წლის განმავლობაში საბიუჯეტო უწყებებში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების ფაქტიური რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება გამონაკლისით დაშვებულ ოდენობას. ამასთან, ბიუჯეტის კანონში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეუძლებელია წლის განმავლობაში შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი საბიუჯეტო სასხრების მოცულობის იდენტიფიცირება, რაც თავის მხრივ ზრდის ”საქონელი და მომსახურების“ მუხლში ჭარბი რესურსის წარმოქმნის რისკს”, - ნათქვამია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, ერთი მხრივ, კანონმდებლობით დაწესებული ლიმიტებიდან გამონაკლისების დაშვება/გადახედვა ხდებოდეს ყოველწლიურად, საბიუჯეტო ორგანიზაციების საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონი მოიცავდეს ინფორმაციას შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურების გეგმური მაჩვენებლის შესახებ, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ათვისებული საბიუჯეტო რესურსების შესადარისობას გეგმურ მაჩვენებელთან და შესაბამისად, ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვისა და ანგარიშგების პროცესის გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.