აუდიტის სამსახური 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ- ების შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილ ასახვაზე მიუთითებს

2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არ მოიცავს ინფორმაციას ყველა იმ სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ, რომელიც 2016 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს და ასევე დაგეგმილია მათი ფუნქციონირება 2017 წლის განმავლობაში , - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც უწყებამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოამზადა.

დოკუმენტში, ამ კონტექტში, ჩამოთვლილია შემდეგი ორგანიზაციები: - ა(ა)იპ ”სპორტული კლუბი MIA FORCE; ა(ა)იპ ”შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი“; ა(ა)იპ ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბი - ს.კ. თსუ“; სსიპ ”ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ”საქპატენტი“; სსიპ ”საზოგადოებრივი კოლეჯი ”თბილისის ხელოვნების კოლეჯი“; სსიპ ”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“; სსიპ ”სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - ქ. სოხუმის ალექსანდრე შერვაშიძე - ჩაჩბას სახელობის სამხატვრო სასწავლებელი“.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის (ა(ა)იპ) დაგეგმილი შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობები 2016 წელთან შედარებით ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, შემოსულობების ოდენობა 1,760 მლნ ლარს უტოლდება და 16%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება გადასახდელებს, იგი 1,860 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა და 17%-ით იზრდება გასული წლის მონაცემთან შედარებით. ამასთან, სსიპ/ა(ა)იპ-ებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი სახსრების საპროგნოზო მოცულობა 946 მლნ ლარს შეადგენს და 37%-ით აჭარბებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება კანონმდებლობით ნებადართული წყაროებიდან მისაღები შემოსულობების გეგმურ მაჩვენებელს, იგი 19 მლნ ლარით (2.3%-ით) ნაკლებია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შრომის ანაზღაურების მიმართულებით გასაწევი ხარჯების პროგნოზირებული მაჩვენებელი 716 მლნ ლარს უტოლდება და 30 მლნ ლარით (4%-ით) აჭარბებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

”აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი არ მოიცავს ინფორმაციას სსიპ/ა(ა)იპ-ებში შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა გეგმური რიცხოვნობის შესახებ.

ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტში წარმოდგენილი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შესახებ ინფორმაციის ანალიზის შედეგად ვლინდება ამ მიმართულებით დოკუმენტში მოცემული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტესთან დაკავშირებული ხარვეზები. კერძოდ, დოკუმენტი არ მოიცავს ინფორმაციას ყველა იმ სსიპ/ა(ა)იპ-ის შესახებ, რომელიც 2016 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებს და ასევე დაგეგმილია მათი ფუნქციონირება 2017 წლის განმავლობაში”, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

მისივე შეფასებით, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია, ბიუჯეტის კანონის პროექტი მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას სსიპ/ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რიცხოვნობის გეგმური მაჩვენებლების შესახებ.

”ამასთან, მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იქნეს, ერთი მხრივ, საბიუჯეტო უწყებების, ხოლო მეორე მხრივ ფინანსთა სამინისტროს მიერ ყველა მოქმედი სსიპ/ა(ა)იპ-ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა და ბიუჯეტის კანონის პროექტში ასახვა”, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.