სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.

ამის შესახებ 2017 წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მომზადებულ დასკვნაშია ნათქვამი.

სახელმწიფო ბიუჯეტის 2017 წლის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 15,403.1 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2016 წლის დაგეგმილ მაჩვენებელს 827.6 მლნ ლარით (6.0%) აღემატება.

”სახელმწიფო ვალის მოცემული საპროგნოზო მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. 2016 წლის ბიუჯეტის მონაცემებით, წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42.6%-ს გაუტოლდება, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, ანალოგიური მაჩვენებელი 42.1%-ს შეადგენს. შედეგად, 2017 წლის ბოლოსათვის მოსალოდნელია ვალის ტვირთის ინდიკატორის (ვალი/მშპ) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირება, თუმცა საყურადღებოა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებაში კვლავ გადააჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ”საქართველო 2020“-ით დადგენილ 40%-იან ნიშნულს”, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ამასთან, სახელმწიფო ვალის პორტფელში იზრდება საშინაო ვალის წილი, რომლის ზღვრული მოცულობაც კანონპროექტით, 3,262.7 მლნ ლარის დონეზე განისაზღვრა.

სხვადასხვა ვადიანობის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხარჯზე იგეგმება საშინაო ვალდებულებების წმინდა ზრდა (ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა) 300 მლნ ლარით (სახაზინო ფასიანი ქაღალდების ემისია 1,155 მლნ ლარი; დაფარვა 855.0 მლნ ლარი), რაც 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელზე 100 მლნ ლარით მეტია.