თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი სასტუმროების ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს

თბილისში მომდევნო 3 წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების რაოდენობა 9112-მდე გაიზრდება.

2015 წლის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა Colliers International Georgia-მ საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მოამზადა.

”სასტუმროების სექტორში პოზიტიური ტენდენცია გრძელდება. გაცხადებული სამომავლო პროექტების საფუძველზე თბილისში პროგნოზირებულია მიწოდების 53%-იანი ზრდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რაც დედაქალაქში არსებულ სასტუმროს ნომრებს 9,112-მდე გაზრდის. ბათუმში აღნიშნული მაჩნებელი 49%-ით გაიზრდება და 5,983-ს გაუტოლდება. თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი სასტუმროების ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ბრენდული სასტუმროების მიწოდება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ტურისტული პოტენციალის ზრდაზე პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს”, - ნათქვამია Colliers International Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევის თანახმად, 2014 წლის ბოლოსთან შედარებით, სასტუმროს ნომრებისა და საწოლების რაოდენობა 8-9%-ით გაიზარდა, შესაბამისად (486 და 1,007 ერთეული).

”2015 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში ადგილობრივ დაბალბიუჯეტიან/ეკონომკლასის ბაზარს შვიდი სასტუმრო დაემატა, სულ 137 ნომრით და 317 საწოლით,” - ნათქვამია კვლევაში.

Colliers International Georgia-ს ინფორმაციით, 2015 წელს სასტუმროების მიწოდებას 9 განთავსების საშუალება დაემატა, რაც 486 სასტუმროს ნომერს და 1,007 საწოლს მოიცავს. მათივე ცნობით, 2015 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში ადგილობრივ დაბალბიუჯეტიან/ეკონომკლასის ბაზარს შვიდი სასტუმრო დაემატა, სულ 137 ნომრით და 317 საწოლით. ამჟამად 21 მიმდინარე პროექტია მშენებლობის პროცესში, რომელთა დასრულება 2016-2018 წლებშია მოსალოდნელი. 2018 წლისათვის ნომრების რაოდენობა 3,145 ერთეულით გაიზრდება.

კვლევის თანახმად, საქსტატის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 1,225 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ოპერირებს. ქვეყანაში სასტუმროს ნომრების საერთო რაოდენობა 23,100 ერთეულს შეადგენს, ხოლო საწოლების 48,600-ს. 2015 წელს საქართველოს მასშტაბით 172 სასტუმრომ და სასტუმროს ტიპის დაწესებულებამ დაიწყო ფუნქციონირება.