შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მცირე ჰესის მწყობრიდან გამოსვლის გამო, შატილში შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად და ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირობების შესამსუბუქებლად, ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა და ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინირებულად და ოპერატიულად მუშაობს.

”შატილში მწყობრიდან გამოსული მცირე ჰესის რეაბილიტაცია დაზიანების დღიდან დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს და ერთი თვის განმავლობაში დასრულდება, რისთვისაც ენერგეტიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მცირე ჰესის რეაბილიტაციის შემდეგ კი, შატილს სრული - 24-საათიანი ელექტრომომარაგება აღუდგება. ჰესის აგრეგატების დაზიანების მიუხედავად, შატილის მოსახლეობა დენის გარეშე არ არის დარჩენილი, რადგან, ენერგეტიკის სამინისტროსა და „თელასის“ დახმარებით, შატილში ჩატანილია დენის მძლავრი გენერატორი (65 კვტ ) და 7 ტონა საწვავი, რის შედეგადაც, სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება (9:00 -დან- 11:00 საათამდე; 19:00 -დან - 23:00 საათამდე, სულ- 6 საათი ).

გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, შატილის სკოლა-ინტერნატი მარაგდება შეშით, ხოლო იქ მცხოვრებ ოჯახებს (სულ 13 ოჯახი) 25 კუბური მეტრი საშეშე მერქანი დაურიგდებათ”, - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, უღელტეხილზე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და უამინდობის შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება.

ამ დროისთვის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, უღელტეხილზე, თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს არ აღემატება.