პრეზიდენტის მოსაზრებით, ცესკომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებული მონაცემები დროულად უნდა გამოაქვეყნოს

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საარჩევნო საკითხების სრულ სიცხადეზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გააკეთა.

პრეზიდენტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებული მონაცემები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გამოქვეყნდეს ყველა ოფიციალური მონაცემი, მათ შორის ბათილი ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია არჩევნების პროცესის ანალიზისთვის და არ მიადგეს ჩრდილი ამ მნიშვნელოვანი არჩევნების სამართლიანობასა და ობიექტურობას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ბათილი ბიულეტენების თემა, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ყველა კითხვაზე და ეჭვზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა თავად ცესკოს ინტერესებში უნდა იყოს, ვინაიდან ცესკოს პასუხიმგებლობა და ვალდებულება არამხოლოდ არჩევნების ჩატარება და შედეგების გამოცხადება, არამედ საზოგადოების დროული ინფორმირებაა, მით უმეტეს, თუ არსებობს ეჭვები და კითხვები",- განაცხადა მიშველაძემ.