iPhone+ გაკოტრების ზღვარზეა - კომპანიის ანგარიშებს ყადაღა დაედო

Apple-ის პროდუქციის ქართველ რეალიზატორებს შორის დიდი ხანია უკვე დაპირისპირება მიმდინარეობს, თუმცა დავა ამჯერად სასამართლომდე მივიდა.

„აიტექნიკი“ „iPhone+”-ს , „istyle”- სა და „apply city”-ის სასამართლოში უჩივის, ამასთან ერთად ამ კომპანიების საკითხს კუნკურენციის სააგენტოც განიხილავს. „აიტექნიკი“ კონკურენტი ბაზრის სამ მოთამაშეს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც „iTechnic”-ის ადვოკატი ამბობს, კომპანიები აიფონისა და ეფლის სხვა პროდუქციის ფასებს ქართულ ბაზარზე შეთანხმებულად, ხელოვნურად ადგენენ.

ბოლო ერთი წელია „ iPhone+“-ში შემოსავლების სამსახური რევიზიას აწარმოებს. კომპანიიის ყველა ფილიალში მოულოდნელად შევიდა ფინანსური პოლიცია და მოკვლევის შედეგად ამოიღეს ტელეფონები, რომელიც ფინანსური პოლიციის განცხადებით, მეორადი იყო.

ამ თემებთან დაკავშირებით დღეს შპს iPlus (iPhone+) ის დამფუძნებელმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

მამუკა მაღრიშვილი ამბობს, რომ კონკურენტი "აიტექნიკის" რეალური მფლობელი სწორედ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეა და ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელია.

მისი განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, Iphone +-ს, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ყადაღა დაადეს, რითაც კომპანიას რეალიზაცია ფაქტობრივად შეუჩერეს.

„ეს არის მცდელობა დაინტერესებული მოსამართლის მხრიდან, რომელსაც გააჩნია ანალოგიური ბიზნეს ინტერესები, თანაც განჩინებაში ძირითადი აქცენტი უკავია იმ საკითხს, რომ თითქოსდა ფეისბუქის გვერდი ჩვენმა კომპანიამ გააუქმა და აქედან გამომდინარე იზარალეს აღნიშნული თანხა, სინამდვილეში კი ფეისბუქ გვერდი გაუუქმა Apple-მა, ვინაიდან ქართული კომპანიის მიზანი იყო მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და „ფეისბუქის“ გვერდს ერქვა “APPLE Store”, რის გამოც ძირითადად „ეფლის“ უცხოელი მომხმარებლები შედიოდნენ შეცდომაში და ეგონათ, რომ “APPLE Store”-ის ფილიალში ყიდულობდნენ პროდუქციას. ჩვენ არ ვართ ფეისბუქის მმართველები, რომ ჩვენ შეგვძლებოდა მათი ფეისბუქ გვერდის გაუქმება, ხოლო კანონდარღვევაზე შეტყობინება ნამდვილად გავუგზავნეთ APPLE-ს“, - აცხადებს მაღალაშვილი.

მისი თქმით, თუ მაქსიმუმ ერთ კვირაში არ მოიხსნა ყადაღა, კომპანია გაკოტრდება, თუმცა მას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ დატოვოს ბაზარი, რადგან შეუძლებელია ასეთ პირობებში კონკურენცია.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „აიტექნიკის“ ადვოაკტმა გიორგი ცერცვაძემ განუცხადა, აიფონ პლუსის განცხადება და განცხადებაში გამოთქმული ბრალდებები, სრული აბსურდია და არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

„ეს არის შემთხვევითი ფაქტების ნაკრები. სინამდვილეში მიმდინარეობას შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაიწყო კომპანია „აიტექნიკმა“ კონკურენციის სააგენტოში. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოში წარვადგინეთ საჩივარი, ხოლო სასამართლოში სარჩელი. საჩივარი, რომელიც არის კონკურენციის სააგენტოში წარდგენილი, ითვალისწინებს, რომ ეს სამი კომპანია არიან კარტელურ გარიგებაში ერთმანეთთან და ამით აზარალებენ, როგორც მომხმარებელს, ასევე ბაზრის სხვა მონაწილეებს. ხოლო სასამართლოში „აიტექნიკი „ ითხოვს „აიპლუსის“ მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. „აიპლუსს“ არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები იმ მტკიცებულებებისა და არგუმენტების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ როგორც სასამართლოს, ასევე კონკურენციის სააგენტოს. ამიტომ მათ გადაწყვიტეს კამერებით დაიცვან თავი და არა იმ სამართლებრივი პროცედურებით, რომელიც არის ზოგადად გათვალისწინებული. „აიპლუსმა“ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ იმ მეთოდებით რითაც ის ოპერირებდა ბაზარზე, უკვე ოპერირებას ვეღარ გააგრძელებს. არსებობს კანონი და არსებობს სასამართლო“, - აცხადებს გიორგი ცერცვაძე.

მისივე თქმით, ის არ არის ვალერი ცერცვაძის ბიძაშვილი და არანაირი კავშირი არ აქვს მასთან.

„ჩვენი საერთო გვარი უბრალოდ დამთხვევაა და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნათესაობა გვაკავშირებს. ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს. ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, კომპანიის დამფუძნებელი არის ბექა მიქუჭაძე, რომელიც არის „აიტექნიკის“ გენერალური მენეჯერი. პირადად მე 2016 წლის მარტიდან მაქვს აიტექნიკთან ურთიერთობა და არასდროს მსმენია, რომ რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში ვალერი ცერცვაძე მონაწილეობდეს“, - აღნიშნა გიორგი ცერცვაძემ.