რას გულისხმობს „ჭკვიანი მრიცხველები“?

საქართველოში ჭკვიანი მრიცხველების დაყენება იგეგმება.

ამის შესახებ, ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მაია მახარაშვილმა „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„ჭკვიანი მრიცხველები“ გულისხმობს მომხმარებლის ინფორმირებას მის მიერ გამოყენებული ენერგიისა თუ ელექტროენერგიის მიმწოდებლის შესახებ.

„მრიცხველი ასევე შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს - იცოდეს და აკონტროლოს რამდენ საათში და რამდენს მოიხმარს, რა საგანი რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს და ა.შ.“, - აღნიშნა მაია მახარაშვილმა გადაცემა „საქმეში“.

მახარაშვილმა ვერ დააკონკრეტა, როდიდან გამოჩნდება ჭკვიანი მრიცხველები ქვეყანაში, თუმცა აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზეა საუბარი.

„ჭკვიანი მრიცხველები“ ძვირადღირებული პროდუქტია, ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობა მიზანშეწონილი არ იქნება,“-აღნიშნა მახარაშვილმა.

რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა აღნიშნა, რომ ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები ელექტროენერგიის სფეროში საათობრივი ვაჭრობის ინფრასტრუქტურის დანერგვის მიზნით დამონტაჟდება.

„როგორც წესი, დღის საათებში (მაღალი მოხმარების საათებში) ელექტროენერგია ძვირია, ღამის საათებში - იაფი. მომხმარებლის მრიცხველს უნდა შეეძლოს, აღრიცხოს ნებისმიერ საათში რა სიმძლავრეს და რა ელექტროენერგიას მოიხმარს კონკრეტული მომხმარებელი. თუ მომხმარებელს ეკონომიის გაკეთება შეუძლია, ის სარეცხის მანქანას არ ჩართავს მაშინ, როცა ელექტროენერგია ყველაზე ძვირი ღირს და ჩართავს ღამე. შედეგად სასისტემო ხარჯები ჯამში შემცირდება”, - განმარტა ვალიშვილმა.

მისივე თქმით, ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება.