ცესკო არჩევნების მეორე ტურს დღეს ოფიციალურად დანიშნავს

ცესკო პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურს დღეს ოფიციალურად დანიშნავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 8 საკითხი, მათ შორის, ასევე თვითმმართველი თემების გამგებლების მეორე ტურისა და პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხები.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის შედეგების შეჯამების თაობაზეც იმსჯელებენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები რამდენიმე დღის წინ განსაზღვრა. 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს იგეგმება.