"ამდენი სავალუტო ჯიხური საჭირო არ არის!"

ბოლო პერიოდში სავალუტო პუნქტების მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსით მანიპულირება და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები, კურსი, რომელიც ბაზარზე არსებულ კურსს ძალიან ჰგავს და სინამდვილეში ბევრად დაბალია. პრობლემაა გადაცვლის ოპერაციის დროს საკომისიოს დაწესებაც. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მომხმარებლები სავალუტო ჯიხურების კონტროლს ითხოვენ, რასაც ექსპერტებიც ეთანხმებიან. შექმნილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის საფუძველზეც გარე სავალუტო ბაზრის გაკონტროლება მოხდება.

სებ-ის ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვასა და გაყიდვას შორის სხვაობა 3%-ს აღემატება. სავალუტო პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება. ასევე პუნქტები ვალდებულნი არიან, მომხმარებელი უზრუნველყოს ქვითრით.

ასე რომ, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციით დღეიდან სავალუტო პუნქტები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. საბანკო ექსპერტ ლია ელიავას თქმით, მსგავსი რეგულაციის გატარება აუცილებელია, რადგან ის იცავს მომხმარებლის უფლებებს.

საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები სრულიად თავისუფალნი იყვნენ და მათი საქმიანობა დღემდე არ რეგულირდებოდა. ამიერიდან კი სებ-მა დაიწყო კონტროლი, რაც მომხმარებლისთვის სასარგებლო უნდა იყოს. თუმცა, აქამდე იმდენად ბევრი პრობლემა დაგროვდა, მის გამოსწორებას საკმაო დრო დასჭირდება. მაგალითად, ტურისტულ უბნებში განუკითხაობაა. იქ არსებული გაცვლითი კურსი ბაზარზე არსებულ რეალურ კურსს მეტ-ნაკლებად ჰგავს, თუმცა გაცილებით ნაკლებია და მომხმარებელიც შეცდომაში შეჰყავთ (მაგალითად, თუ ქალაქის ცენტრში დოლარი 2,3650 ლარად იყიდება, იქ სავალუტო დაფაზე მითითებულია 2,0365).

"მსგავსი ჯიხურები ქალაქში თითქმის ყველგანაა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა ტურისტულ უბნებში. არ ვიცი ეს ვის აწყობს, გარდა სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებისა, მაგრამ აშკარად არის სპეკულაციური ელემენტები, რის გამოც არა მარტო ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც ზარალდებიან", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელიავამ და დაამატა, რომ, როგორც წესი, კომერციული ბანკების მიერ დადგენილი კურსიც არ შეესაბამება რეალურს.

"ყველამ ვიცით ბანკების არარეალური სავალუტო ოპერაციების შესახებ. ეს ხდება არა მარტო ტურისტების თავშეყრის ადგილებში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ფილიალს აქვს მნიშვნელოვნად განსხვავებული კურსი, ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო არახელსაყრელიც კი, ვიდრე სავალუტო ჯიხურებს", - ამბობს ლია ელიავა.

სპეციალისტმა ქვეყანაში არსებული სავალუტო ჯიხურების სიმრავლეზეც ისაუბრა. მან საქართველოში შექმნილი ვითარება განვითარებული ქვეყნების მდგომარეობას შეადარა და სავალუტო პუნქტების რაოდენობრივი ზრდა ქვეყანაში მოქმედ სუსტ საფინანსო ბაზარს დაუკავშირა.

"საქართველოში სავალუტო ჯიხურების მომრავლება არის სუსტი საფინანსო სექტორის შედეგი, ვინაიდან სხვა განვითარებულ ქვეყნებში ვერსად შევხვდებით გადამცვლელ პუნქტებს. ვალუტის გადახურდავება ბანკში ხდება, ყველანაირი დოკუმენტაციის დაცვით. სხვათა შორის, მსგავს ქვეყნებს შეუერთდა ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც. აქედან გამომდინარე, განუვითარებელი საფინანსო ბაზრის შედეგი არის მომრავლებული სავალუტო ჯიხურები.

საქართველოში ჯერ კიდევ არ ხდება მომხმარებლის მიერ ჩატარებული ოპერაციის ქვითრით უზრუნველყოფა. ეს საგადასახადო ანგარიშგებისათვის ცუდია, რადგან ჯიხურები ამ დროს ბრუნვასა და შემოსავალს მალავენ, რის გამოც ეროვნულ ბანკს არ აქვს წარმოდგენა, ქვეყანაში რა ვალუტა ტრიალებს და რა სისწრაფით. ასეთი კონტროლო საქმიანობა ქმნის ქვეყნის საფინანსო სისტემისათვის გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც აუცილებლად დასარეგულირებელია", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გარე სავალუტო ბაზრის კონტროლი წინა წლებში მეტი ყურადღებით ხორციელდებოდა. დღეს კი ჯიხურებს მოშლილი სქემა აქვთ და შესაბამისი ორგანოები ამ საკითხით უნდა დაინტერესდნენ.

"ეროვნული ბანკის რეგულაცია ადრე უფრო მკაცრი იყო. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, როგორ მიიყვანენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე. აბსოლუტურად თვითდინებაზეა მიშვებული ბაზარი. სავალუტო ჯიხურები უნდა გაკონტროლდეს. საკითხავია, აქამდე რატომ არ დაიწყეს მსგავსი შემოწმება და რატომ დაიგროვეს ამდენი საქმე ერთდროულად მოსაგვარებლად.

ბაზარზე სრული ქაოსია, ხშირად ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს უწერიათ ერთი კურსი და თანხას ცვლიან სხვა კურსით, რაც აბნევს მომხმარებელს", - განუცხადა "რეზონანსს" ხომიზურაშვილმა და მომხმარებლებს სავალუტო დაწესებულებებში ვიზიტის დროს სიფრთხილისკენ მოუწოდა. ის ასევე შეეხო ტურისტულ უბნებში მოქმედ პუნქტებსაც და მათი მუშაობის დონე შეაფასა.

"მეტი სიფრთხილისთვის, როდესაც მომხმარებელი მიდის სავალუტო ჯიხურში, უნდა იკითხოს ზუსტი საოპერაციო კურსის შესახებ (მაგალითად, თავად ჯიხური რა კურსით ახორციელებს შესყიდვას ან გაყიდვას). აუცილებლად უნდა შეამოწმონ კუპიურებიც, რადგან ხშირია მოტყუების ალბათობა, რაც არაერთი ინციდენტის მიზეზი გამხდარა მომხმარებელსა და ჯიხურის მეპატრონეს შორის. ამ მხრივ მიკროსაფინანსოები და შედარებით დიდი ბრუნვის მქონე სავალუტო ჯიხურები უფრო გამართულნი არიან.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში ვალუტის გადაცვლის შემდეგ იძლევიან ქვითარს, რადგან კონვერტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ტურისტებისთვის. ბევრია საქმიანი ადამიანი, რომელმაც ანგარიშვალდებულება უნდა წარადგინოს კომპანიებში. ამ დროს ჩვენთან სიტუაცია მოუწესრიგებელია და კონტოლის მექანიზმიც მოშლილია, რაც მიუღებელია ფინანსური ოპერაციების დროს", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა.

სპეციალისტების აზრით, ქვეყნის მასშტაბით ამდენი სავალუტო ჯიხური საჭირო არც არის. ამიტომ ეროვნული ბანკი, რეგულაციის შემოღებასთან ერთად, ვალდებულია, გასცეს რეკომენდაცია, სავალუტო ჯიხურების ლიცენზირებასთან დაკავშირებით.

"რეგულაციის შემოღებასთან ერთად, ასევე სავალდებულოა ლიცენზირებაც, რაც გაფილტრავს სავალუტო ჯიხურებს, რომლებიც ასე მომრავლებულია. ქვეყნის მასშტაბით უამრავი პუნქტი მოქმედებს. ლიცენზირებისა და გარკვეული ნორმების დაწესების შემდეგ ყველა ვერ გახსნის ჯიხურს. რასაკვირველია, შემცირდება მათი რაოდენობა, მაგრამ გაიზრდება ხარისხი", - აცხადებს ხომიზურაშვილი.

ლიკა ტაბიძე იმ მომხმარებელთაგან ერთ-ერთია, რომელიც სებ-ს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის რეგულაციების დაწესებასთან ერთად, ლიცენზირების შემოღებასაც სთხოვს. ის ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს, სადაც ტურიზმი შედარებით განვითარებულია. იქ არსებული სავალუტო ჯიხურები კი, ხშირად გაურკვევლობაში აგდებენ ტურისტებს.

"მეიდანზე ვმუშაობ და როგორც მოგეხსენებათ, ეს ადგილი სავსეა ტურისტებით. აქ არსებულ სავალუტო ჯიხურებს კი მათზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული და ცდილობენ, დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ამ ყველაფერს კი ჩვენ ადგილობრივებიც ვეწირებით, რადგან ისეთი არარეალური კურსი აქვთ სავალუტო პუნქტებს, ამ უბნის გარდა იშვიათად თუ ნახავთ სადმე. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს და იქ ვცვლით ვალუტას. პირადად ჩემი და არა მარტო ჩემი სურვილია, რომ მოხდეს სავალუტო ჯიხურების ლიცენზირება. ისინი უნდა დაექვემდებარონ საერთო ნორმებს და იზრუნონ მომხმარებლების უფლებებზეც", - განუცხადა "რეზონანსს" ლიკა ტაბიძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"