აგვისტოდან მოყოლებული საქართველოში 25 653 მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა

2016 წლის აგვისტოდან მოქმედი მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 25 653 ნაკვეთის რეგისტრაცია დასრულდა.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 47 401 შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება მიმდინარეობს, ხოლო 2 022 განცხადება წარმოებაშია.

ჯამში, პროექტის დაწყებიდან დღემდე საჯარო რეესტრში 80 971 განცხადებაა შესული, საიდანაც ყველაზე მეტი 4 883 განცხადება გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის 6%-ია. 4 369 განცხადება მცხეთის, 4 340 კი თბილისის მუნიციპალიტეტებზე მოდის.

ყველაზე ნაკლები განცხადება თერჯოლასა და დმანისში დარეგისტრირდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საჯარო რეესტრში განუცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ მუშავდება ახალი სტატისტიკის პროგრამა, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება მონაცემების ნახვა, რა ფართობის მიწას მოიცავს რეგისტრაციისთვის შესული ან უკვე დარეგისტრირებული ნაკვეთები.

ქონების მართვის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის 6 395 350 458 კვ. მეტრი დაურეგისტრირებელი მიწის ფართობია აღმოჩენილი. აქედან 7 345 239 კვ. მეტრი (734ჰა) თბილისშია, ხოლო 6 388 005 219 კვ. მეტრი რეგიონებში.

რეგიონებში 53 რაიონის ინვენტარიზაცია დასრულდა, რომლის შედეგადაც დაურეგისტრირებელი მიწიდან - 6 198 134 163 კვ. მეტრი სასოფლო-სამეურნეო (მათ შორის საძოვარი), ხოლო 189 871 056 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა.

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ფინანსთა სამინისტრო აზომვითი ნახაზების გაკეთებასაც აფინანსებს. კერძოდ, 1.5 ჰექტრამდე მიწაზე ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე 80; ხოლო 1.5 ჰექტრიდან 5 ჰექტრამდე - 100 ლარის ოდენობით.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია, რა ჯდება აზომვითი ნახაზის გაკეთება. თბილისში მდებარე რამდენიმე კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, რა ჯდება ერთ ჰექტარზე ერთი ობიექტის ნახაზის გაკეთება. თუმცა, ამბობენ, რომ ფასები ობიექტის სირთულესა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.

მათივე ცნობით, ფასი შეიძლება 80-150 ლარიდან დაიწყოს და 1000-1500 ლარამდე ავიდეს.

განსხვავებულ ფასებს ასახელებენ რუსთავში მდებარე კომპანიაში, სადაც გვითხრეს, რომ ერთ ობიექტზე აზომვითი ნახაზის გაკეთება ზუსტად ის თანხა ჯდება, რასაც ფინანსთა სამინისტრო აფინანსებს ანუ 1.5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე ერთი ობიექტის ნახაზი 80, ხოლო 5 ჰექტრამდე - 100 ლარი.

თაია არდოტელი