დენის, გაზისა და წყლის კომპანიების მიერ მოქალაქეებს უსაფუძვლოდ 2 845 614 ლარი დაერიცხათ

2016 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ დარიცხული და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 2 845 614 ლარი შეადგინა.

საჯარო სხდომებზე, სადაც კომისია საჯარო გადაწყვეტილებებს იღებს, მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებზე შესწავლილი საკითხები კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენის სამსახურმა წარადგინა.

კომისიის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტში მოქალაქეთა 1760 განცხადება/საჩივარი შევიდა. მათ შორის, ბუნებრივ გაზთან დაკავშირებით - 638; ელექტროენერგიასთან დაკავშირებით -859, ხოლო სასმელ წყალთან დაკავშირებით - 263.

აქედან, ბუნებრივი გაზის სექტორში ყველაზე მეტი - 599 განცხადება/საჩივარი შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართ დაფიქსირდა; ელექტროენერგეტიკის სექტორში სს „თელასის“ მიმართ - 783, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ - 211 განცხადება/საჩივარი.

მოქალაქეთა განცხადება /საჩივრებში დაფიქსირებული მოთხოვნები, ძირითადად, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის მიერ მიღებულ დადგენილებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს შეეხებოდა.

საჩივრები ელექტროენერგეტიკის სექტორში უმეტესწილად ხანდაზმულ დავალიანებებს უკავშირდებოდა. ხანდაზმულ დავალიანებად ითვლება ისეთი ტიპის დავალიანება, რომლის მოთხოვნაზე უფლების წარმოშობიდან გასულია 3 წელზე მეტი. აღნიშნული ვადა დავალიანების ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება.

გამანაწილებელ კომპანიას შეუძლია მოქალაქეს (აბონენტს) ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი გადახდა მოსთხოვოს. თუმცა, თავის მხრივ მოქალაქეს შეუძლია ხანდაზმული დავალიანების აღიარებასთან დაკავშირებით, კომპანიასთან ხელშეკრულება არ გააფორმოს, მიმართოს სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს შესაბამისი განცხადება/საჩივრით და კომისია ასეთი სახის დავალიანების ჩამოწერის საკითხზე იმსჯელებს.

ამასთან, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად, ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, გამანაწილებელ კომპანიას უფლება არ აქვს აბონენტს შეუწყვიტოს კონკრეტული მომსახურების მიწოდება.

ხანდაზმული დავალიანების არსებობა კონკრეტული აბონენტის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ აბონენტმა არ უნდა გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების მიმდინარე გადასახადი.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე