ლევან დავითაშვილი - რთველი ისე ჩატარდა, რომ არც ერთ მევენახეს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია

რთველი ისე ჩატარდა, რომ არც ერთ მევენახეს არც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია , -ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რთველი მთელ საქართველოში წარმატებით ჩატარდა.

„რთველის მიმდინარეობის დროს არ ყოფილა არანაირი ექსცესი, შეფერხება ან პრობლემა. რთველი ისე ჩატარდა, რომ არც ერთ მევენახეს არ ჰქონია არც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების პრობლემა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო წლებში მეღვინეობა-მევენახეობის წახალისების შედეგად, გაზრდილია მოთხოვნა უნიკალურ ქართულ ჯიშებზე, ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე არის მზარდი, გაზრდილია გეოგრაფია და ეს ყველაფერი იძლევა იმის წინაპირობას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი მდგრადად განვითარებადია.

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ეტაპი მევენახეობა-მეღვინების დარგის გაჯანსაღების ალბათ გავიარეთ. შემდეგომ ეტაპზე ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, მიწის კონსოლიდაციის, მევენახეთა კონსოლიდაციის და კოოპერაციის წახალისების, რომელიც თვისობრივად ახალ ხარისხობრივ დონეზე გადაიყვანს როგორც მოსავლის შემდგომ დაბინავებას, ისე მევენახეობა-მეღვინეობაში მიმდინარე პროცესებს“, -განაცხადა დავითაშვილმა.