საზღვარგარეთ რეგისტრირებული 49 694 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 4 816-მა მიიღო

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 49 694 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 4 816-მა პირმა მიიღო.

ცესკოში დღეს 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის შედეგები შეაჯამეს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, საზღვარგარეთ არჩევნები დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 40 ქვეყანაში, სადაც გახსნილი იყო 55 საარჩევნო უბანი. ამასთან, ორი უბანი იყო გახსნილი ავღანეთში. საზღვარგარეთ 1862-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ , 1589 ამომრჩეველმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 490 ხმა მიიღო „ირაკლი ალასანია – თავისუფალმა დემოკრატებმა“, 177 ხმა - „უსუფაშვილი – რესპუბლიკელებმა“, 176 ხმა დააგროვა შალვა ნათელაშვილის „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ“, 90 ხმა მიიღო „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკმა, 88 ხმა მიიღო „დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ , 300 ხმა მიიღო „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულმა მოძრაობამ“, ხმების დანარჩენი ნაწილი კი სხვა პარტიებზე გადანაწილდა.