ფერმერებმა თხილის მოვლის და დაავადებების პროფილაქტიკის მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიიღეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის სამსახურისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში ფერმერებს შეხვდნენ და თხილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, შეხვედრაზე სპეციალისტებმა ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორებიცაა თხილის ბაღების გაშენების სპეციფიკა და დამტვერვის პროცესების სწორად წარმართვა; თხილის მავნებელ-დაავადებათა ტიპები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; ნიადაგის ანალიზის საჭიროება და მისი ნაყოფიერების ამაღლების გზები; ფიტოსანიტარული ღონისძიებების დროულად გატარება; პესტიციდების შერჩევა და სხვა. ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს ციტრუსის, დაფნის, ხურმის, სიმინდისა და ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზეც. ფერმერებს თხილის მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ფენოკალენდარული სქემები დაურიგდათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით მობილური საექსტენციო მომსახურება რეგულარულად ტარდება და მასში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები არიან ჩართულნი.