ესტონეთში ფალსიფიცირებული ქართული ღვინო - "ხვანჭკალი" და "ქინძმალი" იყიდება

ქართული ღვინის ფალსიფიცირების ფაქტები დაფიქსირდა ესტონეთში.

ღვინის ფალსიფიცირებისა და სახელწოდებების მიბაძვის ფაქტებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში” ისაუბრა.

”ეს არ არის პირდაპირი ფალსიფიკაცია, ეს არის მიბაძვა. ქვეყნებში, სადაც უფრო მეტი მოთხოვნაა, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იყენებენ სხვადასხვა სახელებს, დასახელებებს, ქართულ შრიფტს. მაგალითად არის ღვინო ”ხვანჭკალი” და ”ქინძმალი”, რომლებიც ესტონეთში იყიდება. რამდენიმე კვირაში საქპატენტის ხელმძღვანელთან ერთად ჩავდივართ ესტონეთში, რომ ადგილზე გავერკვეთ. ამ პროცესის გაჩერება ძალიან მარტივია იმიტომ, რომ ”ხვანჭკალი” და ”ქინძმალი” პირდაპირი მიბაძვაა ”ხვანჭკარისა” და ”ქინძმარაულის”. ამის დამტკიცება ძალიან ადვილია. უბრალოდ, თუ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, სასამართლოში შევიტანთ საქმეს”, - განაცხადა გიორგი სამანიშვილიმა ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”საქმეში”.

მისი თქმით, ფალსიფიკაცია ყოველთვის იარსებებს, როდესაც არის პროდუქტი, რომელსაც აქვს სახელი, მაღალი რეპუტაცია და შესაბამისად, უფრო მაღალი ფასი.

”ეს ჩვენს ბაზარზეც ხდება-ხოლმე, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით. ყველა ასეთ შემთხვევაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ და რეაგირება მაშინვე მოვახდინოთ. ბელორუსში, უკრანაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში რაღაც რეაგირებებს უკვე ვახდენთ. საქპატენტთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ. ჩინეთში უკვე დავიცავით ძალიან ბევრი დასახელება, მაგალითად ”ჭაჭა”. ეს პროცესი გაიწელა, თუმცა ”ჭაჭა” უკვე დაცულია, როგორც ქართული გეოგრაფიული დასახელება. ანუ საქართველოს გარდა სხვა ქვეყნიდან არაყი ”ჭაჭა” ჩინეთში ვერ შევა”, - განაცხადა გიორგი სამანიშვილიმა ”რადიო პალიტრის” გადაცემაში ”საქმე”.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ღვინის დასახელებები კარაგად არის დაცული.