ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მუშაობს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების მიზნით მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პრაღაში განაცხადა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.

„სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მათგან მოვისმინეთ ასეთი ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რათა მოხდეს სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივება. სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არ არის, მაგრამ თუ გამარტივდება, იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, - განუცხადა ზურაბ აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.