„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

საქართველოში ვალუტის კურსის ცვლილების ახალი ტალღა ტარიფების მატებას არ გამოიწვევს. „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამ ეტაპზე ცვლილებას არ განიხილავენ. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეიძლება გაძვირდეს იმ შემთვევაში, თუ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს მიაღწევს.

„ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ მოიმატებს,“ BPN-თან საუბარში აცხადებს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია.

„ჯერჯერობით ტარიფების ცვლილების საკითხი ჩვენთან არ განიხილება,“ ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი.

საქართველოში ეროვნული ვალუტის რყევები ენერგიის და გაზის ტარიფზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. წლიურ ენერგომომარაგებაში თბოსადგურების (სადაც ელექტროენერგია იმპორტირებული ბუნებრივი აირით იწარმოება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მაღალია. ბუნებრივი აირის და იმპორტირებული ელექტროენერგიის შეძენა კი უცხოურ ვალუტაში ხდება.

„თუ ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს არ მიაღწია, ენერგო-დისტრიბუტორები ტარიფების მატებას არ მოითხოვენ,“ ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე. „ახლა ის 2,3-სა და 2,4-ს შორის მერყეობს. მართალია, წინა წელს გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული, მაგრამ მაშინ ცვლილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა.“

„აღნიშნულის გარდა, ტარიფების მატება მომწოდებლებზეა დამოკიდებული. ამ კუთხით, გაზის შემთხვევაში ობიექტური პრობლემები არ არსებობს. აზერბაიჯანთან საკმაოდ სტაბილური ხელშეკრულება გვაქვს. განსხვავებული სიტუაციაა ელექტროენერგიის შემთხვევაში. აქ ძირითადი წყარო ენგურჰესია, რომელიც თებერვალში გაჩერდება. მთავრობას ძალიან სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, რომ ადეკვატური რეზერვები მოძებნოს. ენგურჰესი ძველი სადგურია და თავისი თვითღირებულება უკვე ამოღებული აქვს. შესაბამისად, მიღებული ენერგია იაფია. მისი გაჩერების შემდეგ ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ უნდა შეეხოს. სისტემამ ეს უნდა მოახერხოს,“ განმარტავს არაბიძე.

საქართველოში ჰიდროექლექტროსადგურების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის ნაწილი იმპორტირებულია, მაგრამ აქტიურად ხდება მისი ექსპორტიც.

19 ოქტომბრის მონაცემებით, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით არის 2.3683. ზუსტად ერთი წლის წინ ის 2.3782 იყო. თუმცა მისი ცვლილება 1.75-დან დაიწყო და საბოლოოდ აღნიშნულ მაჩვენებელს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისათვის 3, 95 თეთრი/კვტ.სთ-ით (1,75 ცენტი/კვ.სთ) გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, აბონენტებისთვის, რომლებიც 101კვტ.სთ-ს მოიხმარენ, ტარიფი 12,954 თეთრია, 101-დან 301კვტ.სთ-მდე — 16,93თეთრი, 301კვტ.სთ-დან ზევით მომხმარებულ ენერგიაზე კი 21,45 თეთრი.

იმავე პერიოდში სემეკში განცხადება "თელასმა“ და „კახეთის სადისტრიბუციო კომპანიამ“ შეიტანა. „თელასის“ მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა. თბილისში დენის სამი განსხვავებული ტარიფი ამოქმედდა. მათთვის, ვინც თვეში 101 კილოვატ საათამდე ენერგიას მოიხმარს, დენის ღირებულება 2.96 თეთრით გაიზარდა (დღგ-ის ჩათვლით 3.5) და 12.98 თეთრი გახდა. თვეში 101-301 კილოვატ საათი ენერგიის მომხმარებლებს დენის ღირებულება 3.8 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით 4.53) გაეზარდათ და 17 თეთრი დაუდგინდათ. 301 კილოვატ საათზე მეტი ენერგიის მომხმარებლები კილოვატ საათში დღგ-ის გარეშე 3.2 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით 3.79) მეტს - 21 თეთრს იხდიან.

აღნიშნული ტარიფები, 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს. საინტერესოა, რომ 2013 წელს ტარიფების შემცირება მოხდა.

ნანა მღებრიშვილი