მეორად ბინებზე მოთხოვნა შემცირდა

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამ ეტაპისთვის ჯამში 636 დეველოპერული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს.

Colliers International Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის კვლევის თანახმად, აღნიშნული პროექტები ჯამურად 47 217 საცხოვრებელ ბინას მოიცავს, რომელიც ბაზარს მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში შეემატება. მიმდინარე მშენებლობებიდან ყველაზე დიდი წილი 60% თბილისზე მოდის, რომელსაც მოსდევს ბათუმი - 37%-ით, ქუთაისში კი მიმდინარე მშენებლობების მხოლოდ 3% მოდის.

”დღესდღეობით თბილისში დაახლოებით 360 000 საცხოვრებელი ერთეულია, რომელთა უმეტესობასაც ე.წ. „საბჭოური ტიპის“ საცხოვრებელი შენობები შეადგენს. 2015 წელს თბილისში 3 908 ბინის მშენებლობა დასრულდა, რომელთა 70% უკვე გაყიდულია. დღესდღეობით მიმდინარე სამშენებლო პროცესშია 532 პროექტი (29,427 ბინა) და მათი დასრულება დაგეგმილია 2016-2018 წლებში. 64% (16,332) მიეკუთვნება დაბალი სეგმენტის კატეგორიას, 28% შეადგენს საშუალო სეგმენტს, ხოლო 8% - პრემიუმ კლასს. აღნიშნული ბინების 37% გაყიდულია”, - ნათქვამია უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში.

Colliers International Georgia-ს კვლევის თანახმად, 2015 წლის განმავლობაში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით შემცირდა და 18 286 ერთეულს გაუტოლდა.

”აღსანიშნავია, რომ ახალაშენებული და ძველი ბინების გაყიდვების ტრანზაქციათა რაოდენობა ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. ძველი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა, ხოლო ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9%-იანი ზრდა განიცადა. 2015 წელს ტრანსაქციების ჯამური მოცულობა 23%-ით დაეცა და 558 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 32%-იანი მაჩვენებლით ძველმა ბინებმა მასიური კლება განიცადა, ხოლო ახალაშენებული ბინების მოცულობა მხოლოდ 10%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით”, - ნათქვამია Colliers International Georgia-ს კვლევაში.

ტრანზაქციების განაწილება რაიონების მიხედვით წინა წელთან შედარებით უცვლელი დარჩა. როგორც Colliers International Georgia იუწყება, ტრანზაქციების უდიდესი ნაწილი საბურთალოს რაიონზე მოდიოდა, რაც ჯამში ტრანზაქციების 23%-ს შეადგენდა: ”სამგორისა და გლდანის რაიონებს მეორე და მესამე ადგილები ეკავათ შესაბამისად 13% და 11%-იანი წილით. ჩუღურეთმა ტრანზაქციების უმაღლესი ზრდა განიცადა (30%) 2015 წლის განმავლობაში 2014 წელთან შედარებით. დიდ დიღომში, ვაკესა და ნაძალადევში ტრანზაქციებმა იმატა, შესაბამისად 13%, 8% და 1%-ით. მთაწმინდის რაიონში ტრანზაქციები შემცირდა 13%-ით. სამგორში, კრწანისსა და საბურთალოს რაიონში რეგისტრირებული ტრანზაქციები შემცირდა შესაბამისად 11%, 10% და 9%-ით. გლდანისა და ისნის რაიონებმა ასევე, შესაბამისად, 7% და 3%-იანი შემცირება განიცადა, ხოლო დიდუბის მაჩვენებელი უცვლელი დარჩა”, - ნათქვამია კვლევაში.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე