საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დაეცა

ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების გასაყიდი ფასი თბილისში 1 კვადრატულ მეტრზე 400 აშშ დოლარიდან 3 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

ამის შესახებ Colliers International Georgia-ს კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, საშუალო გასაყიდმა ფასმა პირველად ბაზარზე 1 კვ. მეტრზე 596 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორად ბაზარზე გასაყიდი ფასი 1კვ. მეტრზე 560 აშშ დოლარი დაფიქსირდა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი ერთეულის გასაყიდი ფასი პირველად ბაზარზე 10%-ით და მეორადზე 5%-ით დაეცა.

უძრავი ქონების აგენტი მიხეილ კობალაძე ამბობს, რომ მეორადი ბინების გაყიდვა რთულია.

”მეორადი ბინების გაყიდვა ძალიან ჭირს და თუ იყიდება ძალიან იაფად. ის ფასის ცვლილება, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალაშენებულ კორპუსებს შეეხო, იმაზე ორჯერ მეტად შეეხო ძველ აშენებულებს. თუ ახალაშენებული ბინების ფასმა 10%-ით დაიკლო, ძველ აშენებულებში ფასი 15-20%-ით დაეცა. რეალურად მყიდველების 60-70% უფრო ახალ აშენებული ბინებისკენ მიდის. ძველ ბინებზე მოთხოვნა შემცირებულია”, - ამბობს მიხეილ კობალაძე.

უძრავი ქონების აგენტის ხათუნა საზუაშვილის განცხადებით, ბაზარზე არიან როგორც მეორადი ბინების, ასევე ახალი ბინების შეძენის მსურველები.

„ახალი და მეორადი ბინების ფასები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. მეორადი ბინების ფასებმა გასულ წელთან შედარებით დაიკლო, თუმცა ზაფხულთან შედარებით ოდნავ მომატებულია. სანზონაში მაგალითად 55-50 ათასად იყიდება 3-ოთახიანი მეორადი ბინები“, - ამბობს ხათუნა საზუაშვილი.

Colliers International Georgia -ს კვლევის თანახმად, რაიონებს შორის ახალი ბინების საშუალო გასაყიდი ფასით პირველ ადგილზე მთაწმინდაა - 1 კვ. მეტრი 942 დოლარი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვაკის რაიონში მოხდა, სადაც საშუალო გასაყიდი ფასები 11%-ით შემცირდა. დიდმა დიღომმა 8%-იანი ვარდნა განიცადა, ხოლო საბურთალოსა და გლდანის რაიონებში მაჩვენებლები 6%-ით შემცირდა. ისნის, სამგორისა და ნაძალადევის რაიონებში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასები, შესაბამისად 6%, 2% და 1%-ით გაიზარდა”, - ნათქვამია უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში, რომელიც Colliers International Georgia-მ საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მოამზადა.