მომავალ თვეს თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართება , - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით გაიმართება.
განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის 19 ოქტომბერს, პრაღაში გამართული შეხვედრის შედეგებია შეჯამებული.
„როგორც მოსალოდნელია, ნოემბერში, თბილისში დაგეგმილი, რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომ გამყარებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ მიმდინარე წლის 3 კვარტლის ჯამური მონაცემებით, ორმხრივი ტვირთბრუნვის მოცულობამ 17% შეადგინა.
„რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის პროდუქციისთვის მთავარი ბაზარი - მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთში ქართული ღვინის მიწოდების მოცულობა 36%-ით გაიზარდა“, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.
სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ორმხრივი ნორმალიზების შედეგები „ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“.