ლევან დავითაშვილი - ძირითადი მიმართულებები მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ადეკვატური დაფინანსებით

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითადი მიმართულებები მომავალი წლის ბიუჯეტში შენარჩუნებულია ადეკვატური დაფინანსებით , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება უმცირდება.

როგორც მინისტრმა განაცხადა, წარმოდგენილი ბიუჯეტი არის პირველადი ვერსია, რომელიც ფუნდამენტურ გადამუშავებას განიცდის.

„ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. რაც შეეხება შემცირებებს, თქვენ იცით, რომ გარკვეული პროგრამები დასრულდა, რომელიც დაანონსებული იყო, რომ დასრულებოდა კიდეც, თუმცა ძირითადი მიმართულებები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, შენარჩუნებულია ადეკვატური დაფინანსებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.

რაც შეეხება მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროექტს, მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი 3 წლიანი იყო და მოხდა მისი 4 წლამდე გაგრძელება.

„ამავე დროს, პარალელურად მზადდებოდა მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას უკავშირდება და მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროექტის ალტერნატივას წარმოადგენს. ამჟამად ხდება დანარჩენი პროექტების, როგორიცაა - აგროკრედიტი, აგროდაზღვევა, სხვადასხვა ტიპის თანდაფინანსების პროექტების განვითარება. ეს ბიუჯეტში ასახული და შენარჩუნებულია ისე, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების იმ გეგმებს, რომელიც მთავრობას გააჩნია, საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება“, - განაცხადა დავითაშვილმა.