„შარდენის ქუჩაზე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში 1 000 დოლარის გადახურდავებისას შეიძლება 250-300 ლარიც იზარალოთ“

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ისეთი ადგილია, სადაც ყველაზე ადვილად შეიძლება კურსით მანიპულირება და მომხმარებლის მოტყუება.

სწორედ ამგვარი ფაქტების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში“ ცვლილებები შეიტანა: კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს კურსისა და საკომისიოს თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს და ეს ინფორმაცია კლიენტისთვის თვალსაჩინო ადგილას - სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე უნდა ჩანდეს. საყურადღებო კურსი - ეს არის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსი, როდესაც ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელს 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება ეროვნული ბანკისგან ხელახალი რეგისტრაცია მოითხოვოს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მფლობელებს გაესაუბრა. მათი თქმით, ზოგიერთები მართლაც თაღლითობენ და კლიენტებს ატყუებენ, ხოლო ვინც პატიოსნად მუშაობდა, იმისთვის ბევრი არაფერი შეიცვლება. ერთ-ერთი სავალუტო პუნქტის მფლობელმა ისიც გვითხრა, რომ ბევრი ჯიხური ულიცენზიოდაც „ძალიან კარგად“ მუშაობს, თუმცა თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ლევან ბ.-ძე : „ჩემთვის ბევრი არაფერი შეიცვლება, უბრალოდ, ქვითრების გაცემა და ხელის მოწერა გამირთულებს საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ რეგულაციის შემოღება არ იყო საჭირო, რადგან ძალიან ცოტას ვუმატებ, ძირითადად კლიენტების რაოდენობაზე ვმუშაობ - რაც უფრო მეტი ხალხი შემოვა, მით უფრო მეტი მოგება მრჩება. 3 ათას ლარზე მეტ თანხას ვინც გადაახურდავებდა, იმათ ისედაც ვუვსებდით ქვითარს. ახლა კი, ყველას უნდა შევუვსოთ და ხელი მოვაწერინოთ - ეს დიდ დროს და ენერგიას წაგვართმევს. ჩვენი მოგებაც 3%-ს არასოდეს სცილდებოდა: 100 დოლარის 3% ექვსი დოლარია, ამხელა მოგებაზე არასოდეს გვიმუშავია, უმეტესად 50-თეთრიან მოგებაზე ვმუშაობთ მაშინ, როცა ბანკების მოგება 100 დოლარზე სულ ცოტა 5-6 ლარია“.

მისი თქმით, მომხმარებელს ვინც ატყუებდა, ისევ მოატყუებს და ყველაფერი ისევ პატიოსანი მოთამაშეების მხრებზე გადაივლის.

„ ყველაზე ხშირად კურსით მანიპულირება იმ უბნებში ხდება, სადაც უცხოელი ტურისტები დადიან, ღამით ვინ გააკონტროლებს ტურისტს თანხას როგორი კურსით გადაუცვლიან? თანაც, ბევრია ულიცენზიო სავალუტო ჯიხურების რიცხვიც. მაგალითად, ვაგზალზე ერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტი რომ ლიცენზირებულია, მის გვერდით 4-5 ულიცენზიოდ მუშაობს. ისინი ყოველგვარი ქვითრების გარეშე მუშაობენ, გადასახადებსაც არ იხდიან და არც სხვა მოვალეობები აქვთ. როდესაც ვინმე შემოწმებაზე მიდის, ჯიხურს კეტავენ და იმალებიან, ალბათ მომავალშიც ასე გააგრძელებენ. ულიცენზიო ჯიხურებს ხშირად გარეთ სხვა კურსი უწერიათ, ხოლო შიგნით - სულ სხვა“, - ამბობს ლევან ბ.-ძე.

სავალუტო ჯიხურის მენეჯერი გიორგი ნაჭყებია კი აცხადებს, რომ ამ ბაზრის ოფიციალური მოთამაშეები ეროვნული ბანკის მოთხოვნებს ადრეც ასრულებდნენ.

„ქვითრებზე ხელის მოწერა საქმეს ჩვენც გაგვირთულებს, რადგან ეს დამატებით დროს წაგვართმევს. ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში საკომისიოს უმატებენ და ეს აბრაზე შეიძლება არც ეწეროთ. ამიტომ, მომხმარებელი წინასწარ უნდა გააფრთხილონ, რომ საკომისიოს ახდევინებენ. ეტყობა, ეროვნულ ბანკს სწორედ ამ საკითხების მოწესრიგება სურს“, - აღნიშნავს გიორგი ნაჭყებია.

ეკონომიკის დოქტორი დავით ასლანიშვილის განცხადებით, კურსთა შორის სხვაობის მოწესრიგება და მისი მექანიზმი ცოტა უფრო მძიმე თემაა, რადგან ჯიხურების უმრავლესობა საკმაოდ ლიკვიდურ, კარგ კურსს სთავაზობს საქართველოს მოსახლეობას როგორც დოლარის, ასევე ევროს და სხვა ვალუტების ყიდვა-გაყიდვის დროს.

„რასაც ვერ ვიტყვით კომერციულ ბანკებზე და მათ ფილიალებზე. იქ ყიდვა- გაყიდვის კურსებს შორის გაცილებით დიდი სხვაობაა, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი პარამეტრი - 3 პროცენტია“, - აღნიშნავს დავით ასლანიშვილი.

ექსპერტის აზრით, გაუგებარია, რატომ ერევა ეროვნული ბანკი ფასწარმოქმნაში, რადგან ამ საკითხს მოთხოვნა-მიწოდების კანონი თავისთავად დაარეგულირებს.

„ყველაფერი ჯიხურის მენეჯმენტსა და მარიფათზეა დამოკიდებული. სავალუტო პუნქტის მფლობელს შეუძლია დააწესოს ან ძალიან ცუდი კურსი, ან ძალიან კარგი. მაგრამ არის ერთი ჯგუფი სავალუტო ჯიხურებისა, მაგალითად, შარდენის ქუჩაზე, სადაც გაცვლითი კურსი თვალთმაქცობის ელემენტს შეიცავს. მათ აბრაზე არასწორი ინფორმაციაა მოცემული და თუ ადამიანი დაუკვირვებლობას გამოიჩენს, შეიძლება 1000 დოლარის ექვივალენტ თანხაზე 250-300 ლარიც კი იზარალოს. ეროვნული ბანკის მოტივაცია ალბათ ეს იყო, რომ მსგავს თაღლითობას ადგილი არ ჰქონოდა, თუმცა საბაზრო მექანიზმებში ჩარევა არასწორ ნაბიჯად მიმაჩნია. როგორც კი ამ ნაბიჯს გადავდგამთ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზეც უარს ვამბობთ. რაც შეეხება ულიცენზიო ჯიხურებს, ეს საკითხი ეროვნულმა ბანკმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს. მე ერთი რამ მაფიქრებს: არ მოხდეს ბაზრის გაცხრილვა და ეს ჯიხურები კომერციული ბანკების ხელში არ აღმოჩნდნენ, მით უმეტეს, რომ ისინი უცხოურ ვალუტას ბანკებისგან ყიდულობენ და მერე მინიმალური დანამატით ყიდიან. სწორედ ამიტომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვალუტის გადახურდავებას ამ პუნქტებში ამჯობინებს და არა - კომერციულ ბანკებში, სადაც ხშირად უარესი კურსია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ზემოთხოვნები და მეტისმეტი რეგულაცია ამ სფეროში საჭირო არ არის“, - აღნიშნავს დავით ასლანიშვილი.

ხათუნა ჩიგოგიძე

იხილეთ ამავე თემაზე

"არ მიხვიდეთ რუსთაველის 28-ში მდებარე სავალუტო ჯიხურში, ,,კანონიერი" თაღლითობის მსხვერპლი აღმოჩნდებით"

როგორ ატყუებენ ტურისტებს სავალუტო ჯიხურებში (ფოტოგალერეა)