ევროპელი ლიდერები არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ

ევროპელი ლიდერები ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის გაძლიერებაზე და არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის პროცედურის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.

„საჭიროა მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ არალეგალი მიგრანტების რაოდენობა შემცირდეს, განსაკუთრებით ეს ეხება მიგრანტებს აფრიკიდან“, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ დოკუმენტში.

ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე ევროკავშირის საზღვრების გაძლიერებას იმ დონემდე შეძლებენ, რომ შენგენის ზონაში შიდა სასაზღვრო კონტროლი საჭირო აღარ იქნება.

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ შიდა სასაზღვრო კონტროლი ამ ეტაპზე კვლავ არის საჭირო და გარკვეული ვადით უნდა გახანგრძლივდეს.