საქართველო „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების“ ოფიციალური წევრი პარლამენტის მიერ შესაბამისი ოქმის რატიფიცირების შემდეგ გახდება

საქართველო „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების“ ოფიციალური და სრულუფლებიანი წევრი პარლამენტის მიერ შესაბამისი ოქმის რატიფიცირების შემდეგ გახდება.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მაია მახარაშვილმა განაცხადა, ,,ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის“ ხელმოწერის შემდეგ, დარჩენილია მხოლოდ ერთი შიდა პროცედურა - ეს არის საქართველოს პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიკაცია.

მაია მახარაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული საკითხის გატანა სავარაუდოდ, გაზაფხულის სესიაზე მოხდება და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ერთსულოვანი იქნება და პროცესი მალე დასრულდება, რატიფიკაციიდან მალევე საქართველო „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი და ოფიციალური წევრი გახდება.

„ეს პირველ რიგში, გულისხმობს მთლიანად ენერგეტიკული სფეროს რეფორმირებას, ბაზრის კონკურენტულ მოდელზე გადასვლას, სადაც საბოლოო მომხმარებელს ექნება უფლება, რომ ბაზარზე არსებული მიმწოდებლებიდან თვითონ გააკეთოს არჩევანი, თუ რომელი იქნება მისთვის მისაღები ფასიდან, ხარისხიდან გამომდინარე. საინვესტიციო გარემო იქნება უფრო მიმზიდველი ინვესტორებისთვის, რადგანაც „ენერგეტიკული გაერთიანების“ წევრობა მათთვის იქნება სიგნალი, რომ აქ სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება ევროკავშირის სტანდარტებით მოხდება. შესაბამისად, ეს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საკმაოდ წინაგადადგმული ნაბიჯი იქნება. გარდა ამისა, ჩვენი გაწევრიანება ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების კუთხითაც ძალიან პროგრესულია. გაწერილია ცალკეული ღონისძიებები, თუ როგორ უნდა გაიუმჯობესოს ქვეყანამ ენერგეტიკული რესურსის მიწოდების ხარისხი, უსაფრთხოება და ა.შ. ასევე არის ცალკე დირექტივა განახლებადი რესურსების წახალისების მიმართულებით. ჩვენი ქვეყანა ისედაც იყო ორიენტირებული განახლებადი რესურსის ათვისებაზე და ამ ახალი ვალდებულების აღება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ისედაც პრიორიტეტულ მიმართულებას. ასევე საუბარია, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობაზე, რაც, საბოლო ჯამში, ასევე უსაფრთხოების ხარისხის ამაღლებას ემსახურება. არის გარემოსდაცვითი კუთხით მთლიანი პაკეტი, თუ როგორ უნდა მოხდეს გარემოს დაცვა ენეგრგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისას. ამასთან, არის სტატისტიკური მიმართულება, რომ სტატისტიკური წესების ჰარმონიზება მოხდეს ევროსტანდარტებთან, უზრუნველყოფილი იყოს ფასების გამჭირვალობა და ა.შ.“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

„ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ საქართველო დამკვირვებლის სტატუსით 2007 წლიდან სარგებლობს. ევროკავშირთან „ასოცირების შესახებ ხელშეკრულების“ დათქმის შესაბამისად, საქართველომ ევროკომისიასთან ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2014 წლიდან დაიწყო და ბოლო რაუნდი მიმდინარე წლის მაისში დასრულდა.