2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება 83 მლნ 210 ათასი ლარით მცირდება

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის შეფასებით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის პრიორიტეტების დიდი ნაწილი არ იკვეთება.

კომიტეტის ეს შეფასება და შენიშვნები მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაშია ასახული.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება 83 მლნ 210 ათასი ლარით მცირდება. სამინისტროსთვის მიმდინარე წელს 321 350 000 ლარი იყო გამოყოფილი. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით კი, მისი საბიუჯეტო ასიგნება 238 140 000 ლარს შეადგენს. შესაბამისად მცირდება პროგრამების დაფინანსებაც: სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა შემცირებულია 75 მლნ 430 ათასი ლარით, სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 3 მლნ 930 ათასი ლარით, მევენახეობა - მეღვინეობის განვითარება - 450 ათასი ლარით, სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელება - 3 მლნ 400 ათასი ლარით.

როგორც პარლამენტის კომიტეტის დასკვნაშია აღნიშნული, 2016 წელთან შედარებით, შემცირების ტენდენციით ხასიათდება თითქმის ყველა ქვეპროგრამა: სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება და მართვა - მცირდება 2 მლნ 735 ათასი ლარით, შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვა და ადმინისტრირება რეგიონებში - 385 ათასი ლარით, სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 14 მილიონი ლარით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - 1 მლნ 240 ათასი ლარით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვა - 7 მლნ ლარით, აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები - 4 მლნ ლარით, ქართული ჩაი - 2 მლნ 500 ათასი ლარით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია - 3 მლნ ლარით, მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთლსაიმედოობა - 550 ათასი ლარით.

აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთავრობის წინაშე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსების 5 მლნ 350 ათასი ლარიდან 15 მლნ ლარამდე გაზრდის საკითხს სვამს. კომიტეტს მიაჩნია, რომ აგროდაზღვევის დაფინანსება არასაკმარისია და ის 5 მილიონიდან 10 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს. მისივე შეფასებით, საჭიროა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასთან და მათ დაავადებებთან დაკავშირებული პროგრამის დაფინანსების 8 მლნ 600 ათასი ლარიდან 11 მილიონ ლარამდე გაზრდა, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების პროგრამაზე გამოყოფილი ფინანსური რესურსის 175 ათასი ლარის 2 მლნ ლარამდე გაზრდა.

”კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნული შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნეს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოსადგენ გადამუშავებულ ბიუჯეტში”, - აღნიშნულია დასკვნაში.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა ჯერ მხოლოდ კომიტეტების ფარგლებში განიხილა, მთავრობას უკან დაუბრუნდა.