”სამართლიანი არჩევნები” - მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების საქმიანობაზე 12 065 777 ლარი გაიხარჯა

”სამართლიანი არჩევნები” მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრების ბიუროების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის კვლევაშია ნათქვამი, ბიუროების საქმიანობაზე 2013-14-15 წლებში 12 065 777 ლარი გაიხარჯა.

წლების მიხედვით ბიუროებისათვის გამოყოფილი დაფინანსება გადანაწილდა შემდეგნაირად: 2013 წელს 66 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ჯამში გამოეყო 4 085 496 ლარი. აქედან, გაიხარჯა 3 677 212 ლარი, ხოლო გასახარჯი დარჩა 408 284 ათასი ლარი. 2014 წელს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსება ჯამში შეადგენდა 4 794 883 ლარს. დაიხარჯა 4 199 367 ლარი; ნაშთის სახით დარჩა 595 515 ლარი. 2015 წელს 73 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაფინანსება ჯამში შეადგენდა 4 750 741 ლარს. გაიხარჯა: 4 189 198 ლარი, ნაშთის სახით დარჩა: 561.543 ლარი.

ამასთან, როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, ბიუროებთან მიმართებაში არ არსებობს ერთნაირი სტანდარტი სახელფასო ფონდთან დაკავშირებით.

”სხვადასხვა ბიუროში სახელფასო ფონდი და შრომის ანაზღაურება განსხვავებულია. მაგალითად, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დასაქმებული 12 თანამშრომლის წლიური სახელფასო ფონდი შეადგენს 46 764 ლარს, ხოლო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც 3 ადამიანია დასაქმებული, წლიური სახელფასო ფონდი შეადგენს 41 767,63 ლარს. შესაბამისად, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დასაქმებულის ხელფასი ყოველ თვე საშუალოდ შეადგენს - 325 ლარს, ხოლო ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დასაქმებული პირის ყოველთვიური ხელფასი, საშუალოდ 1160 ლარს შეადგენს. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში დასაქმებულია 4 ადამიანი. წლიური სახელფასო ფონდი შეადგენს 42 000 ლარს. აქედან, ბიუროს უფროსის ხელფასი 1400, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების ხელფასი 700-700 ლარია. ბიუროს ინფორმაციის თანახმად, ეს თანხა 2013 წელს 500-550 ლარს შეადგენდა, თუმცა დიდი დატვირთვის გათვალისწინებით მაჟორიტარმა დეპუტატმა თანამშრომლებს ხელფასები მოუმატა”, - ნათქვამია ანგარიშში.

კვლევის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ ბიუროში დასაქმებული პირების რაოდენობა თანაბარი არ არის.

”ამასთანავე, ბიუროებში დასაქმებულთა რაოდენობა დამოკიდებული არაა შესაბამის ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობაზე ან რაიმე სხვა მახასიათებელზე. არ არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა ან კანონით დადგენილი რაიმე სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობას. აგრეთვე, კანონით დადგენილი არ არის თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმები და შერჩევის წესი. ამასთანავე, განსაზღვრული არ არის ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პრინციპი”, - ნათქვამია ანგარიშში.