დიმიტრი ქუმსიშვილი - მთლიანად საქართველოს მასშტაბით, საჰაერო ტვირთბრუნვა 18 000 ტონაზეა ასული

შემდეგ წელს ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები სხვა რეგიონული აეროპორტების მშენებლობისა და გახსნის თაობაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას , - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2012 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 103%-ით. მისივე თქმით, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში სულ გადაყვანილია 2 181 684 მგზავრი.

„ეს არის დაუღალავი შრომისა და იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ამასთან, როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი შრომის შედეგი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ზრდა გვაქვს საჰაერო ტვირთნაკადის მიმართულებით. 18 000 ტონაზეა ასული ტვირთბრუნვა მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც ასევე 80%-ზე მეტი ზრდაა. საჰაერო ტვირთი სწორედ ისაა, რომელიც არის ყველაზე მაღალი ღირებულების და შესაბამისად, ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას ქმნის ჩვენს ქვეყანაში. აეროპორტების განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამბროლაურში რამდენიმე ხნის წინ ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გავხსენით, თუმცა შემდეგ წელს ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები სხვა რეგიონული აეროპორტების მშენებლობისა და გახსნის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებას", - განაცხადა ქუმსიშვილმა.