23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 13 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ 7 ახალი მიმართულების დამატების შემდეგ, 23 სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 13 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა , - ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ განაცხადა.

როგორც ქეთევან ალექსიძემ აღნიშნა, ყველაზე მოთხოვნადია - ბერლინი და დორტმუნდი, შემდეგ კი მილანი და დანარჩენი მიმართულებები.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში წლევანდელი წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. შარშან გვქონდა კლება „ვიზეარ უკრაინის“ გაუქმებიდან გამომდინარე. წელს კი დაახლოებით, 25%-იანი ზრდაა, რაც მეტია არა მხოლოდ წინა წელთან, არამედ 2014 წელთან შედარებითაც. 23 სექტემბერიდან გაიხსნა „ვიზეარის“ ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და დაემატა 7 ახალი მიმართულება. 23 სექტემბრიდან ჯამში მოვემსახურეთ დაახლოებით, 13 000-ზე მეტ მგზავრს. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები არის - ბერლინი და დორტმუნდი, სადაც ამ ციფრიდან დაახლოებით 17%-ია მგზავრთნაკადი. შემდგომ მოდის მილანი და დანარჩენი მიმართულებები“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.