თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელები გასხვისებულია

"თბილსერვის ჯგუფის" დაქვემდებარებაში მყოფი 22 მიწისქვეშა გადასასვლელიდან  მხოლოდ ორია შშმ პირებისთვის ადაპტირებული.

თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან 33 გასხვისებულია. ამის შესახებ თბილსერვის ჯგუფის დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა.

მისივე განცხადებით, 33 მიწისქვეშა გადასასვლელი მრავალწლიანი იჯარით 2012 წლამდე გაიცა. ზოგიერთს ვადა 2020-2022 წლებში ეწურება, ზოგს კი 2018 წელს: ”თბილსერვის ჯგუფს" თბილისის მასშტაბით მხოლოდ 22 მიწისქვეშა გადასასვლელი ეკუთნის. ჩვენ ეს გადასასვლელები რამდენიმე თვეა, რაც გადმოგვეცა. ქალაქის ცენტრში განთავსებული მიწისქვეშა გადასასვლელების ძირითადი ნაწილი გასხვისებულია”, - განაცხადა დავით დოლიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა”.

თბილსერვის ჯგუფის დირექტორის პირველი მოადგილის თქმით, ვინაიდან მიწისქვეშა გადასასვლელების უმეტესი ნაწილი მათი კომპანიის ბალანსზე არ არის, ისინი ვერ შეძლებენ შშმ პირებისთვის პანდუსებისა და ლიფტების მოწყობას. რაც შეეხება ქალაქში არსებულ დანარჩენ 22 მიწისქვეშა გადასასვლელს, აქედან მხოლოდ ორია შშმ პირებისთვის ადაპტირებული.

”ამ კუთხით ორი მიწისქვეშა გადასასვლელია მოწესრიგებული, ეს არის ოპერასთან და ვაკის პარკთან. სამწუხაროდ, ოპერის მიწისქვეშა გადასასვლელი ამჟამად დაზიანებულია და დაახლოებით 10 დღის განმავლობაში აღდგება. დღესდღეობით მხოლოდ ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელი ფუნქციონირებს. რაც ჩვენს ბალანსზე არ არის, ჩვენ ვერ უზრუნველვყობთ იქ დამატებით ლიფტების დაყენებას. მესმის, რომ ეს ძალიან მძიმე პრობლემაა ქალაქში. რაც ქალაქის საკუთრებაშია - დანარჩენი 22 მიწისქვეშა გადასასვლელი, ვეცდებით, რომ წლის ბოლომდე, რასაც შევძლებთ, მოვაწესრიგოთ. თუ არადა, იქით წელს რაც ტექნიკურად იქნება შესაძლებელი აღვადგენთ. უმეტესი მიწისქვეშა გადასასვლელები ძველი აშენებულია და პარამეტრებიდან გამომდინარე, ტექნიკურად შეუძლებელია იქ ლიფტი ან შესაბამისი პანდუსი დამონტაჟდეს”, - განაცხადა თბილსერვის ჯგუფის დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა”.