„ლიტვური საცხობის“ განმარტებით, შავ-თეთრი პური წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომაა

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც „ლიტვური საცხობის“ შავ-თეთრი პურია ასახული დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებელთა ერთი ნაწილი საცხობს პურის შეღებვაში ადანაშაულებდა, ნაწილი კი ბრენდის მიმართ საკუთარ ლოიალურ დამოკიდებულებაზე მიუთითებდა. საკითხის გასარკვევად, „ბიზნესპრესნიუსი“ „ლიტვურ საცხობს“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფოტოზე ასახული პური მათი საცხობიდანაა, თუმცა შეღებილი არ არის.

„წარმოების პროცესში, ადამიანური ფაქტორით გამოწვეულმა შემთხვევამ, ე.წ ცომის საჭრელ დანადგარში, თეთრი და რუხი ცომის ერთმანეთთან შერევამ და მზა პროდუქტში ორფეროვანი შიგთავსის წარმოქმნამ, მომხმარებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც თეთრ, ისე შავ პურს. ბოლო პერიოდში კომპანიაში მოხდა გადაიარაღება და გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სწრაფ ტემპში ხდება პურის ცხობა და მიწოდება მაღაზიებისთვის, მოხდა შემთხვევა, როცა თეთრი ცომის გუნდა რუხ ცომს შეერია. წარმოების პროცესში ადამიანური რესურსია ჩართული და სამწუხაროდ, უშეცდომო არავინაა. ბრალდება კი პურის შეღებვასთან დაკავშირებით სრულიად უსაფუძვლოა,“ -აღნიშნა „ლიტვური საცხობის მარკეტინგის მენეჯერმა“ სალომე ბიბილაშვილმა.

შეცდომის მიუხედავად, კომპანია არცერთი თანამშრომლის გათავისუფლებას არ აპირებს.

„კომპანია ითვალისწინებს საქართველოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას და მომხდარი ფაქტის გამო სამსახურიდან არავის არ ათავისუფლებს. მოგეხსენებათ, „ლიტვური საცხობის“ დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 300 ადამიანს აჭარბებს. ჩვენი პროდუქციის ხარისხთან ერთად, ჩვენ კონცენტრირებული ვართ კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე, ასევე მზად ვართ ნებისმიერ კვლევაში მივიღოთ მონაწილეობა და დავუმტკიცოთ ნებისმიერ მომხმარებელს და დაინტერესებულ მხარეს, რომ ლიტვური პური აბსოლუტურად ჯანმრთელი როდუქტია“ -აღინიშნავენ კომპანიაში.

ქრისტინე გამთენაძე