"ტექნო ბუმის" მაცდური მესიჯი და აღშფოთებული ხალხი მაღაზიის ფილიალებთან - კომპანიის განმარტება შექმნილი აურზაურის შემდეგ

"მადლობა, რომ მთელი წელი იყავი ჩვენი ერთგული sms მომხმარებელი, მადლიერების ნიშნად მობრძანდით 21 ოქტომბერს, ტექნო ბუმის მაღაზიებში, წარმოადგინე sms და შენაძენის გარეშე მიიღე შენი საჩუქარი. იჩქარე! არ გამოტოვო "ტექნო ბუმის" მადლიერების დღე!" - აღნიშნული სარეკლამო შეთავაზება, ბოლო დღეებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო. ზოგმა მათგანმა გადაწყვიტა, კუთვნილი საჩუქრის მისაღებად მითითებულ მაღაზიაში მისულიყო.

თუმცა ადგილზე მისულებს მაღაზიის კარი დაკეტილი დახვდათ და მთელი დღის მანძილზე გრძელ რიგში დგომა მოუწიათ.

ზოგს სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა, ზოგიერთი კი ვაუჩერის გარეშეც დარჩა. "ტექნო ბუმის" ამ სარეკლამო აქციას, საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა, მომხმარებლები აღშფოთებას "ფეისბუქზე" გამოხატავდნენ. სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტები იწერებოდა:

"Techno Boom ტექნო ბუმი თქვენ ხართ ყველაზე სამარცხვინო და მატყუარა კომპანია თუ რაც ხართ... თუ ვინმე იჩივლებს, აუცილებლად შევუერთდები და ჩემს სარჩელს გავაერთიანებ მათთან... თან სპეციალურად იდგა ერთი დაუღლელი წარმომადგენელი ოპერატორებთან, რომელიც ყველას სთხოვდა ტელეფონს და "ტექნობუმის" გაგზავნილ მესიჯს უშლიდა... ანუ ფაქტებს არ ტოვებდნენ...".

"დღეს ტექნო-ბუმის მაღაზიებს ხალხი აწყდება ერთმანეთს, ეს ყველაფერი არის აფიორა, ტყუილი არანაირი საჩუქარი არ არსებობს მე ის მშობლები მეცოდება დღეს რომ ვნახე რიგში პატარა ბავშვებთან ერთად, რომლებსაც საჩუქრის მოლოდინი აქვთ და რეალურად მიიღებენ ფასდაკლების იდიოტურ 50-ლარიან ვაუჩერს, რის გამოც არ ღირს საერთოდ გაკარება მაღაზიებთან, ჩემი თვალით ვუყურებდი უკანა მხრიდან გამოსულ ხალხის ნაკადს, რომლებსაც სიბრაზისგან დაკუჭული ვაუჩერი გამოქონდა, რადგან მიხვდა რომ ამდენი დრო ფუჭად დაკარგა და ენერგია".

Ambebi.ge ვითარებაში გასარკვევად "ტექნო ბუმს" დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა დუმბაძემ უპასუხა:

- რა სახის აქცია გქონდათ დაგეგმილი და რატომ გამოიწვია მომხმარებლის გაღიზიანება ამ აქციამ?

- 21 ოქტომბერს "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში ჩატარდა მადლიერების დღე სმს კლუბის წევრებისთვის. "ტექნო ბუმმა" მადლობა გადაუხადა სმს კლუბის წევრებს, მთელი წელი ერთგულებისთვის და ყოველგვარი შენაძენის გარეშე, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გადასცემს სასაჩუქრე ბარათებს, რომლებშიც მომხმარებლები აღმოაჩენენ 50 ლარიდან 200 ლარამდე ფასდაკლების ვაუჩერებს, ან სხვა საჩუქრებს. აქციამ მომხმარებელთა მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად "ტექნო ბუმის" მაღაზიებში მთელი დღის განმავლობაში რიგები შეიქმნა და ნაწილი მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც "ტექნო ბუმი" კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს ამ დისკომფორტისთვის და მომხმარებელთა დიდი ინტერესის გამო შექმნილი რიგების განტვირთვისთვის აქცია გაგრძელდა 31 ოქტომბრამდე.

- რატომ დახვდა საზოგადოებას მაღაზიები დაკეტილი?

- მაღაზიები არ დაკეტილა, პირიქით უფრო ადრე გაიხსნა და გვიან დაიკეტა, ვიდრე იყო სამუშაო გრაფიკით გათვლილი. თუმცა მომხმარებელთა ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ მაღაზიაში არ ეტეოდა ხალხი და სწორედ ამიტომ იყო რიგები მაღაზიის გარეთაც, რის გამოც კიდევ ერთხელ ვუხდით ყველას ბოდიშს, ვისაც დიდხანს მოუწია რიგში დგომა.

- სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მაღაზიებთან მდგომი კონსულტანტი მათი ტელეფონიდან შლიდა ტექნო ბუმის მესიჯებს, არის თუ არა მართალი?

- ერთ ესემესზე გაიცემა ერთი სასაჩუქრე ბარათი, სწორედ ამიტომ ხდება ესემესის წაშლა, რომ არ მოხდეს ერთი და იგივე ადამიანზე რამდენჯერმე სასაჩუქრე ბარათის გაცემა.

- სულ რამდენი საჩუქარი გაეცით?

- ამ დროისათვის სულ გაცემულია 7300 სასაჩუქრე ბარათი. სასაჩუქრე ბარათების გაცემა გრძელდება და 31 ოქტომბრამდე ესემეს კლუბის წევრებს ექნებათ მისი აღების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს მომხმარებლებს შექმნილი რიგების გამო.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge