მსხვილმა ბანკებმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთი დატოვონ

ბრიტანელი ბანკირების ასოციაციის განცხადებით, „ბრექსიტის“ გამო შესაძლოა, დიდი ბრიტანეთი მსხვილმა ბანკებმა 2017 წლის დასაწყისშივე დატოვონ.

ასოციაციის წარმომადგენლის ენტონი ბრაუნის თქმით, შედარებით მცირე ბანკები დიდ ბრიტანეთს მიმდინარე წლის შობამდეც დატოვებენ.

მისივე განცხადებით, ევროპული ქვეყნები აქტიურად იწვევენ ბრიტანეთში მოქმედ ბანკებს.

„ბიზნესისთვის რეალური პრობლემები რეფერენდუმის შემდეგ არ დაწყებულა. ნამდვილი პრობლემები მაშინვე დაიწყება, როგორც კი ჩვენ ევროკავშირს დავტოვებთ“, - აღნიშნავს ბრაუნი.

ოქტომბრის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესს არა უგვიანეს 2017 წლის მარტისა დაიწყებს.