"სამუშაო ფრონტზე" მსხვერპლია! -  2007-2015 წლებში საქართველოში საწარმოო ტრავმებით 356 ადამიანი დაიღუპა

გასულ კვირას თბილისში მშენებლობებზე ორი მუშა დაიღუპა. პირველი შემთხვევა ჯიქიას ქუჩაზე მოხდა, სადაც მუშა მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, თავის არეში მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე შემთხვევა ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე მოხდა, როცა მუშა ადგილზევე დაიღუპა. გამოძიება ორივეჯერ სისხლის სამართლის იმ მუხლით დაიწყო, რომელიც სამთო და სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოში მხოლოდ მშენებარე ობიექტებზე წლის განმავლობაში საშუალოდ 15 კაცი იღუპება. გარდაცვალებისა და საწარმოო ტრავმების შემთხვევები სამშენებლო და სხვა სამუშაო ობიექტებზე განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც შრომის სახელმწიფო ინსპექცია გაუქმდა. 2007-2015 წლებში საქართველოში საწარმოო ტრავმებით სულ დაიღუპა 356 და მძიმედ დაშავდა 643 კაცი.

მარინა კურტანიძე, მშენებელთა პროფკავშირის თავმჯდომარე: "წელს სამშენებლო ობიექტებზე 8 მუშა დაიღუპა, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. პროფკავშირები ხშირად მივუთითებთ, რომ დაიცვან შრომის უსაფრთხოების ნორმები და არა მხოლოდ სამშენებლო სექტორში, არამედ სხვა სფეროებშიც, რადგან იქაც მძიმე სტატისტიკა გვაქვს.

საწარმოო ტრავმების მთავარი მიზეზი ის არის, რომ, ერთი მხრივ, სამშენებლო კომპანიები უხეშად არღვევენ უსაფრთხოების წესებს, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო არ უწევს სათანადო ზედამხედველობას. შარშან შექმნილ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის უნებართვოდ ინსპექტირების უფლება არა აქვს და რომც ჩაატაროს ინსპექტირება, საჯარიმო სანქციას ვერ გასცემს, რადგან არც ამის უფლება აქვს. ამდენად, ამ სამსახურის მუშაობა ვერ იქნება ეფექტიანი. სამაგიეროდ, გვაქვს საპირისპირო შედეგი - ვხედავთ, სამშენებლო ობიექტების მაღალ სართულებზე როგორ დგანან მუშები ელემენტარული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. ზოგჯერ ისიც ხდება, რომ მუშებს, რომლებიც უმეტესად შრომის ბირჟაზე - ელიავას ბაზრობაზე შერჩეული კადრები არიან, არა აქვთ ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების ნორმების შესახებ, ჩვენი პროფკავშირების წევრებისგან განსხვავებით, რომლებსაც დეტალურად ვუხსნით, რომ სამშენებლო ობიექტზე ყოფნისას უნდა ეხუროთ ჩაფხუტი, ეკეთოთ რესპირატორი და გამოიყენონ სხვა დამცავი საშუალებები. ისეც ხდება, რომ იციან ეს ყველაფერი, მაგრამ ხარჯის შესამცირებლად და ლუკმაპურის შოვნის იმედით მზად არიან, სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ, ეს კი არცთუ იშვიათად ტრაგიკულად მთავრდება. გასათვალისწინებელია ისეთი დეტალებიც, როგორიც არის სამშენებლო ობიექტზე დამტვერიანების მაღალი მაჩვენებელი, ხმაური, რამაც შესაძლოა სმენა დააზიანოს, სიმაღლის შიში და ა.შ. საგულისხმოა, რომ მუშების უსაფრთხოებაზე არც დამსაქმებელი ზრუნავს.

მოკლედ, რაკი ვითარება უკონტროლოა, სცოდავს ყველა - დამსაქმებელიცა და დასაქმებულიც. საქმის გარემოებების გარკვევას ხშირად დაღუპულთა ახლობლების დამოკიდებულებაც ართულებს, უმეტესობა დამსაქმებელს ურიგდება.

დაღუპულის ოჯახი ხშირად სოციალურად დაუცველია და დამსაქმებლის შეთავაზებულ კომპენსაციასა და დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას თანხმდება, დაზარალებულის მომართვის გარეშე კი სამართლებრივ დავას ვერ დაიწყებ.

არადა, თუ პროფკავშირებს მოგვმართავენ, უარს იტყვიან ერთჯერად დახმარებაზე, რათა დამსაქმებლის ბრალეულობის დამტკიცება შევძლოთ, დამნაშავეც დაისჯება, ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება და საბოლოოდ გაცილებით მეტს მიიღებენ კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში მომჩივნის არარსებობის გამო ყველაფერი დაღუპულის გაუფრთხილებლობას ბრალდება, კომპანია კი კვლავ განაგრძობს საქმიანობას უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით და არავინ იცის, ვინ იქნება ამ უპასუხისმგებლობის მომდევნო მსხვერპლი".

ნიკა კაკაშვილი, შრომის ექსპერტი: "არსებობს რეგლამენტი, რომლითაც სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების საკითხები რეგულირდება, მაგრამ ამ ნორმების აღსრულებაში პრობლემები გვაქვს. კანონქვემდებარე აქტში "ტექნიკური რეგლამენტი მშენებლობაში უსაფრთხოების შესახებ" დეტალურად არის გაწერილი, უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღოს როგორც დამსაქმებელმა, ისე დასაქმებულმა. ეს არის სრულყოფილი დოკუმენტი და მისი შესრულების შემთხვევაში ეს საგანგაშო სტატისტიკა არ გვექნებოდა. რეალურად არც კომპანია იცავს უსაფრთხოების ნორმებს, რადგან დამატებით ხარჯებს ერიდება და არც სახელმწიფო უწყებები აკონტროლებენ შესაბამისად. არადა, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დებულების თანახმად ვალდებულია, ზედამხედველობა გაუწიოს სამშენებლო ობიექტს, მათ შორის, ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, და სანქციის დაწესების უფლებაც აქვს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

ისეც ხდება, რომ ტრაგიკული შემთხვევა ან სხვადასხვა სახის დაზიანება მუშის დაუდევრობის ბრალია, არ იყენებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რადგან არაკომფორტულია, მაგალითად, ჩაფხუტით ან სპეცსამოსით მუშაობა. თუმცა ამ შემთხვევაშიც დამსაქმებელს მართებს მეტი პასუხისმგებლობა და თუ იყენებს საჯარიმო სანქციებს დაგვიანების, სამსახურის გაცდენის დროს, კეთილინებოს და უსაფრთხოების ნორმების დაცვაც გაამკაცროს, თუმცა ხშირად თავად უწყობს ხელს ამ ნორმების უგულებელყოფას. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარდა, არსებობს კოლექტიური დაცვის საშუალებები, რომელთა უგულებელყოფა ხშირად საწარმოო ტრავმების მიზეზი ხდება. მაგალითად, ტექნიკურ რეგლამენტში წერია, რომ მშენებარე ობიექტის სართულები დამცავი მოაჯირებით უნდა იყოს შემოფარგლული. იშვიათი გამონაკლისის გარდა, დამცავი მოაჯირებით შემოფარგლულ მშენებარე კორპუსის მაღალ სართულებს ვერსად ნახავთ. შენობის შიდა კიბის უჯრედებიც შემოსაზღვრული უნდა იყოს ან სახელურები ჰქონდეს, რათა ადამიანი ღია კიბის უჯრედიდან არ ჩავარდეს, ვთქვათ, ლიფტის შახტში. იქ, სადაც შეუძლებელია კოლექტიური დაცვის მექანიზმების გამოყენება, მაგალითად, როცა შენობის ზედა სართულზე ბეტონი ისხმება, ტექნიკურად რთულია მოაჯირებით შემოფარგვლა, მუშა უნდა იყოს აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის, დამცავი ქამრით".

გოჩა ალექსანდრია, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე: "ცოტა ხნის წინ ვმონაწილეობდი კვლევაში, რომელიც ცხრა ძირითადი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამებში სოციალური და შრომითი პოლიტიკის საკითხებს ეხებოდა. არც ერთ პროგრამაში შრომითი ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ სიტყვაც არ იყო ნახსენები. ეს ნათლად წარმოაჩენს როგორც დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ, ასევე მიზეზს, რატომ გვაქვს ასეთი საგანგაშო სტატისტიკა.

ქვეყანაში შრომის ინსპექცია არ არსებობს, მაგრამ ყველა მუნიციპალიტეტსა და მათ შორის, თბილისს, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური აქვს. საკმაოდ დიდი სამსახურია, ფინანსურად ძლიერი. დებულებაში უწერიათ, რომ სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესებიც უნდა გააკონტროლონ, მაგრამ ხშირად ზედამხედველობის სამსახური თბილისსა და რეგიონებშიც ამ ვალდებულებას თავს არიდებს. სამაგიეროდ, ყურადღება გადააქვს სამშენებლო მოედნის შემოსაზღვრულობაზე, რამდენად სწორად არის სამშენებლო მოედანზე მასალები განთავსებული და პროექტის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა და უყურადღებოდ რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის უსაფრთხოების ნორმების კონტროლი. დღეს დადგა მომენტი, როცა გასულ კვირას სამშენებლო მოედნებზე მომხდარი ორი ტრაგიკული შემთხვევის გამო პასუხი უნდა მოვთხოვოთ ზედამხედველობის სამსახურს. ახლა ისინი სოროში არიან ჩამძვრალი და ხმას არ იღებენ, სინამდვილეში კი ამ სამსახურმა პირველმა უნდა გაგვცეს პასუხი, რა მიზეზით დაიღუპა ორი მუშა.

უმუშევრობის მაღალი დონის გამო, ოღონდ სამსახური იშოვოს და, ადამიანი მზად არის, კაბალურ ხელშეკრულებასა და სამუშაო პირობებს დათანხმდეს.

აქ იკვეთება ხელისუფლების მოვალეობაც, ხალხის მხარე დაიკავოს, რასაც არ აკეთებს, თუნდაც იმ საბაბით, რომ შრომითი ინსპექციის უფლებამოსილების გაზრდამ, შესაძლოა, ბიზნესი შეზღუდოს. ხშირად თავად ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან ამ ბიზნესების უკან და ლობირებენ ბიზნესისა და არა ხალხის უფლებებს.

ერთადერთი გამოსავალია, მოქალაქეებმა ორგანიზებულად, კოლექტიურად დაიცვან საკუთარი უფლებები, როგორც ეს ქვიშხეთი-ზვარეს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობასა და ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე მოხდა. იქაც დაშავდნენ მუშები, ამიტომაც გაიფიცნენ და დამსაქმებლებს უსაფრთხო შრომითი პირობების უზრუნველყოფა მოსთხოვეს.

დასაქმებულების უფლებების დასაცავად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რადგან საწარმოო ტრავმებისა და სიკვდილიანობის საგანგაშოდ მზარდი სტატისტიკა გვაქვს, განსაკუთრებით, შრომის ინსპექციის გაუქმების შემდეგ. მაგალითად, 2002 წელს დაიღუპა 33 და ტრავმა მიიღო 17-მა კაცმა, 2003-ში დაიღუპა 27 და დაშავდა 15, 2004-ში დაიღუპა 20 და დაშავდა 14, 2005 წელს დაიღუპა 15 და დაშავდა 9 კაცი. შრომის ინსპექციის გაუქმებისა და ბუტაფორიული დეპარტამენტის შექმნის შემდეგ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად, 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 81 და დაშავდა 168 კაცი! 2012 წელს დაიღუპა 29 და დაშავდა 118 კაცი. 41 მუშა დაიღუპა 2014 წელს და დაშავდა 66, გასულ წელს კი დაშავდა 81, ხოლო დაიღუპა 42 კაცი".

წყარო „კვირის პალიტრა"