"ლუკოილ-ჯორჯიას" სარჩელი კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლომ არ დააკმაყოფილა

შპს "ლუკოილ-ჯორჯია"-ს სარჩელი სსიპ კონკურენციის სააგენტოს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას ამის შესახებ კონკურენციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სასამართლომ სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) დარღვევისთვის 4 740 260 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ნავთობკომპანიების საქმეზე, ეს რიგით მეორე გადაწყვეტილებაა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ კონკურენციის სააგენტოს სასარგებლოდ გამოიტანა. პირველი დავა, შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი"-ს სარჩელთან მიმართებით, 2016 წლის აპრილში, ანალოგიური შედეგით დასრულდა.

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე მომუშავე 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი სადგურის ქსელის მფლობელი კომპანია, მათ შორის "სოკარი", "ლუკოილი" და "ვისოლი" 2015 წელს ჯამში, დაახლოებით 55 მილიონი ლარის ოდენობით დააჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 2008-2014 წლებში, საწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურნეციის დაცვის პრინციპები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი.