საქართველოში თანამედროვე სასაწყობე მეურნეობათა მკაცრი დეფიციტია

საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის სექტორებს შორის ინდუსტრიული ბაზარი ყველაზე ნაკლებად განვითარებულია.

Colliers International Georgia-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში თანამედროვე, A-კლასის სასაწყობე მეურნეობათა მკაცრი დეფიციტია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, საწყობების ძირითადი მოიჯარეები ადგილობრივი კომპანიები არიან და საერთაშორისო კომპანიათა წილი ძალიან მცირეა.

”საქართველოში სასაწყობე ფართის სრული მოცულობა 1.8 მლნ კვადრატულ მეტრს შეადგენს, რომლის დაახლოებით, 65% მფლობელთა მიერაა დაკავებული. გაქირავებადი სასაწყობე ფართების საერთო მოცულობა 635,000 მ2-ს უტოლდება. აქედან ყველაზე დიდი წილი - 53% თბილისში მდებარეობს, 22% - ბათუმშია განთავსებული, 13% - ქუთაისში და 12% კი ფოთში“, - ნათქვამია „კოლიერსის“ კვლევაში.

კვლევის თანახმად, გაქირავებადი სასაწყობე ფართის მიწოდებაში უდიდესი წილი B კლასის საწყობებზე მოდის, რომელთა ჯამური ფართი 388 000 მ2-ს უტოლდება. C კლასის სასაწყობე ფართის წილი შედარებით ნაკლებია და გაქირავებადი სასაწყობე ფართის 37%-ს (237,000 მ2) შეადგენს. რაც შეეხება A კლასის სასაწყობე ფართს, მისი ერთადერთი მიმწოდებელი კომპანიაა „გებრიუდერ ვაისი”, რომლის წილი გაქირავებადი ფართის მხოლოდ 2%-ს შეადგენს და 10 000 მ2-ს უტოლდება.

„კოლიერსის“ ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გაქირავებად სასაწყობე მეურნეობებში ყველაზე დიდ ფართს (41%) საკვები და სასმელი პროდუქტები იკავებს, მას მოჰყვება სამშენებლო მასალების სექტორი, ავტონაწილების იმპორტიორები და სატრანზიტო კომპანიები, რომელთა წილებიც, შესაბამისად 17%, 11% და10%-ს შეადგენს. მოთხოვნაში, საყოფაცხოვრებო საქონელისა და ტექნიკის, ასევე მედიკამენტების წილი, შესაბამისად, ჯამური ფართის 8% და 7%-ს უტოლდება.