"1984" -  Apple-ის პირველი რეკლამა, რომელმაც სარეკლამო რევოლუცია მოახდინა (ვიდეო)

„მოგესალმებით კიდევ ერთხელ“, - ასე იწყება Apple-ის მიერ კომპანიის ახალი და ჯერ საიდუმლო პროდუქტის პრეზენტაციაზე დასასწრები მოსაწვევის ტექსტი.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, Apple არც ამჯერად ასაჯაროებს, რა პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს 27 ოქტომბერს, თუმცა უცხოურ მედიაში გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ახალი MacBook იქნება.

„გახსოვთ, როდის თქვა Apple-მა პირველი გამარჯობა? პასუხი მარტივია - 1984 წელს, „მაკინტოშის“ რეკლამაში, რომელიც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის პირველი რეკლამა იყო“, - წერს გამოცემა „ინვერსი“.

სარეკლამო რგოლი, სახელწოდებით „1984“ მხოლოდ ერთხელ გავიდა ტელეეთერით - 1984 წლის 22 იანვარს „სუპერ თასის“ ფინალის დროს. თუმცა, ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ Apple-ს სარეკლამო რევოლუცია მოეხდინა.

„1984“-ის შექმნაზე სარეკლამო სააგენტო Chiat/Day მუშაობდა, რეჟისორი კი ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რიდლი სკოტი გახლდათ. მასიურ კადრებში გადასაღებად რეჟისორმა ლონდონელი სკინჰედები მიიწვია, რომელთაც 125 დოლარი გადაუხადეს. რგოლში მთავარ როლს მოდელი ანია მეიჯორი ასრულებს.

თავდაპირველად სარეკლამო რგოლი 90 წამი გრძელდებოდა. თუმცა, კომპანიის დირექტორთა საბჭოს რეკლამა არ მოსწონდა და სარეკლამო სააგენტოს დაჯარიმებაც სურდა. ვიდეორგოლს მხარს უჭერდა სტივ ჯობსი. შედეგად, რგოლი 60 წამამდე შემცირდა და მაინც გავიდა ეთერით.

საერთო ჯამში, რეკლამის გადაღება სტივ ჯობსს 600 000 დოლარი დაუჯდა. ეთერში გაშვების სანაცვლოდ კი Apple-მა დაახლოებით 1 000 000 დოლარი გადაიხადა. „1984“ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული რეკლამა. თუმცა, ეს ამად ღირდა - რგოლის გაშვების შემდეგ პირველ 100 დღეში Apple-ის პირველი „მაკის“ გაყიდვებმა 150 მილიონ დოლარს მიაღწია.

„1984“ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ნახვად რეკლამად რჩება, რომელმაც ერთგვარი გადატრიალება მოახდინა რეკლამის ინდუსტრიაში.