დაბა ჩაქვში გზისა და სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განივთარების ფონდი, დაბა ჩაქვში, სასტუმრო ოაზისის მიმდებარედ გზის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, პროექტი ითვალისწინებს სასტუმრო ოაზისის ტერიტორიის ირგვლივ, საავტომობილო გზაზე, ბეტონის ფილების დაგებას. ასევე, მოპირკეთდება ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და სამხედრო ნაწილის ტერიტორია. მოეწყობა სანიაღვრე არხები და კანალიზაცია.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შედეგად საკურორტო ზონაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 870 298 ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდი სამუშაოების დასრულებას 2017 წლის იანვარში გეგმავს.